ჯარში გაწვევაზე უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ საიტზე აიტვირთება – კანონპროექტი

ივანიშვილის მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შედის საქართველოს თავდაცვის კოდექსში. თავდაცვის სამინისტროს ავტორობით შექმნილ კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, საზღვარგარეთ დროებით მყოფი წვევამდელი პირი ვალდებული იქნება, სამხედრო სამსახურში გაწვევაზე სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე, გონივრულ ვადაში საქართველოში დაბრუნდეს და კომისიაზე გამოცხადდეს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა ის სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს ვებგვერდზე აიტვირთება – ეს შეეხება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფ წვევამდელებსაც.
“თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ მოხდება 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში.
შეტყობინება/უწყება შესაძლოა ჩაბარდეს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირს, ასევე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით”. – წერია კანონპროექტში.
კანონპროექტში განმარტებულია, რა მეთოდებითა და თანმიმდევრობით ხდება პირისთვის გამოძახების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
პირისთვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე, შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;
შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნება.
შესაბამისი ტერმინოლოგიური ცვლილება შედის “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონშიც, რომელშიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი წვევამდელის გასაწვევად გამოძახების ნაწილში ტერმინი: “სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე” შეიცვლება ტერმინით: „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.
ასევე, კანონპროექტით დგინდება ის სპეციალობები, სადაც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებს პარალელურად მუშაობა შეეძლებათ. ამისთვის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობა იქნება საჭირო.
“სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, არაუმეტეს 1 წლის ვადით, განხორციელებული სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა;
სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (მათ შორის, მის შერჩევაში სამინისტროს მონაწილეობით), არაუმეტეს 1 წლის ვადით, საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა”. – წერია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი პირი კონტრაქტს თვითნებურად შეწყვეტს და იმ დროისთვის მას სამხედრო სამსახურში 1 წელზე ნაკლები ექნება ნამსახურები, მას 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაიყვანენ, თუ არ ექნება გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით – ხოლო თუ 1 წელი ან უფრო მეტი ექნება ნამსახურები, მაშინ ის თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება.
6 აპრილს კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით მხარი დაუჭირეს.