საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროს სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ერთმაენთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ნოღაიდელს სააკაშვილმა კითხვები დაუსვა, მათ შორის, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჩასვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ნოღაიდელმა “საქართველო რუსეთთან დაასმინა”.
“პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე? მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს “ეკაჩავე”, “ებლატავე”, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება”. – თქვა სააკაშვილმა სასამართლოში.
ექსპრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბადრი პატარკაციშვილის შესახებ და ნოღაიდელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ “TV იმედი რუსული ფულით შეიქმნა”, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ “შეიძლება, კი”.
ამასთან ერთად, სააკაშვილმა ნოღაიდელს ჰკითხა, იცოდა თუ არა ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ არ იცოდა.
“ვისი და ვასილ მაღლაფერიძის, ზურა. როგორ არ იცი”. – თქვა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, TV იმედში შეჭრასა და ტელეკომპანიის მფლობელის, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.