ბევრი სწავლობს [სტილისტის] პროფესიას იმიტომ, რომ წავიდეს და საზღვრებს გარეთ დასაქმდეს, შიდა ბაზარზე კი კადრების დეფიციტია – ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტი

ბევრი ადამიანი საქართველოში სწავლობს [სტილისტის] პროფესიას იმიტომ, რომ წავიდეს და საზღვრებს გარეთ დასაქმდეს, შიდა ბაზარზე კი კადრების დეფიციტია, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ განაცხადა.მისი თქმით, სფერო ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ეს არის სალონური მიმართულება და სამედიცინო ესთეტიკის მიმართულება და ორივე მათგანის შემთხვევაში მთავარი გამოწვევა პროფესიონალი კადრების დეფიციტია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სასწავლებელი არსებობს საქართველოში, რომელიც მსგავს პროფესიული განათლების პროგრამებს მოიცავს და დაფინანსებულია.„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სალონური მიმართულება და სამედიცინო ესთეტიკის მიმართულება იყო გაიგივებული და სილამაზის სალონებში ხდებოდა სამედიცინო პროცედურები. ახლა ნელ-ნელა ალბათ, პაციენტებიც მიხვდნენ და თვითონ პროფესიონალებიც, რომ უნდა იყოს აუცილებლად გამიჯნული ეს ორი მიმართულება. სალონებით რომ დავიწყოთ, საკმაოდ ბევრი ბიზნეს ობიექტი არის ბაზარზე, თუმცა ბევრია გამოწვევებიც, მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტის პრობლემაა.მიუხედავად იმისა, რომ არსებობს, პროფესიული განათლების პროგრამები, რომელიც დაფინანსებული არის და ძალიან ბევრ სასწავლებელს აქვს, მაინც დგას კადრების დეფიციტის პრობლემა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სწავლობს ამ პროფესიას იმიტომ, რომ წავიდეს და საზღვრებს გარეთ დასაქმდეს, ხდება კადრების გადინება. შესაბამისად, მაინც იქმნება დეფიციტი შიდა ბაზარზე.სფერო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ვიტყოდი უფრო მეტი გამოწვევების წინაშე – სამედიცინო, ანუ ესთეტიკური მიმართულება. იმიტომ, რომ აქ უნდა გაიგოს მომხმარებელმაც და სპეციალისტებმაც, რომ ეს არის სამედიცინო მიმართულება, ეს არის მედიცინის ნაწილი და აქ მანიპულაციები, პროცედურები უნდა ატარონ ექიმებმა და არა სხვა სპეციალობის მქონე ადამიანებმა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. შესაბამისად, გვაქვს უამრავი გართულება, უამრავი არასწორი პროტოკოლი. არსებობს კომპეტენციის ნაკლებობა და ის, რომ ძალიან ბევრი სხვა სპეციალობის ადამიანი არის ჩართული ამ სფეროში, რომელმაც მაგალითად რამდენიმეთვიანი კურსი გაიარა და უბრალოდ ნემსის დაჭერა ისწავლა და მას ბუნებრივია, ისეთი ცოდნა და გამოცდილება ვერ ექნება როგორც ექიმს.გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი მიმართულება, შიდა მიმართულება და ჩვენც უფრო მეტი იარაღი გვაქვს იმისთვის, რომ სხვადასხვა შედეგი მივიღოთ.  მომხმარებელიც ძალიან გაიზარდა იმიტომ, რომ ყველას უნდა გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდად, უფრო ლამაზად. ძალიან გაიზარდა მოთხოვნა, შესაბამისად ზრდის ტენდენციას განიცდის ესთეტიკური მედიცინის მიმართულება, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. რაც შეეხება სალონურ მიმართულებას, უკვე კარგა ხანია იგი აქტიურია და ის აღარ არის უკვე ფუფუნება“, – განაცხადა თამარ შარაშენიძემ.