„გრგ შეთანხმებულია“ – მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დელისზე, პროფკავშირების ტერიტორიაზე ისევ გააქტიურდა

დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი ისევ აქტუალური გახდა. კომპლექსის გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა, შეთანხმებულია ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმაც (გრგ). პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება.
პროექტის დამკვეთი კომპანია შპს „დელისი დეველოპმენტია”, რომელიც როგორც ირკვევა, ტერიტორიის მესაკუთრეებს მის განვითარებაში ეხმარება. შპს „დელისი დეველოპმენტის“ 100%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი ფლობს.
„საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართი შეადგენს 15 254 კვადრატულ მეტრს აქედან 15 101 კვადრატული მეტრი რეგისტრირებული ფართია. 153 კვადრატული მეტრი აღებულია ტერიტორიის პერიმეტრზე იმისათვის, რომ მოხდეს საზღვრების კორექტირება ფაქტობრივი მდგომარეობით და საავტომობილო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. პროექტის მიხედვით მოხდება მიწის ნაკვეთების გადამიჯვნა წარმოდგენილი სქემების და ცხრილების მიხედვით.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (შენობების) განთავსება, სადაც განთავსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებები“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი გეგმარებითი დავალების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის პროფკავშირების შენობის. თუმცა დაგეგმილია პროფკავშირების შენობაზე არსებული მოზაიკის შენარჩუნება და მისი ერთ-ერთ საპროექტო ობიექტზე მოწყობა. ასევე აღნიშნულ ნაკვეთებზე სპეციალური ზონალური ნებართვის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი ფუნქციის გადამეტება 75 პროცენტამდე, დამკვეთი კი ამის სანაცვლოდ თანახმაა შესაბამის მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე.

დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მცდელობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კომპანია „ნიბა ინვესტს“ და ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძეს სურდა, თუმცა პროექტი, რომელიც 2008 წელს დაიწყო, 2 წელში შეჩერდა.
როგორც ირკვევა აღნიშნული ტერიტორიის ნაწილს ისევ ფლობს კომპანია შპს „დელისი“, რომლის წილის მფლობელი „ნიბა ინვესტია”. როგორც „ნიბა ინვესტის“ მეწილე ბაკურ კიღურაძე მედიასთან რამდენიმე თვის წინ აცხადებდა პროექტის განხორციელებას ამჯერად „დელისი დეველოპმენტთან“ ერთად ცდილობს. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა 20 მილიონი დოლარია.