ქართული AlterSocks-ი მთელ იტალიაში გაიყიდება

„ჩვენს იტალიელ პარტნიორებს აქვთ გეგმები, რომ ტოსკანას რეგიონს გაცდნენ და AlterSocks-ის წინდები მთელ იტალიაში გაყიდონ, როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ციფრული არხებით“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას AlterSocks-ის თანადამფუძნებელმა რევაზ ბესელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იტალიის ბაზარზე, იყიდება, როგორც AlterSocks-ის არსებული დიზაინები, ასევე სპეციალურად, ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილი მოდელები.
რევაზ ბესელაშვილმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ „ქვეყანაში, რომელიც მოდას აექსპორტებს, ქართული წინდებით შედიან“.
„2024 წელს ტოსკანას გავცდებით, საცალო, საბითუმო თუ e-commerce მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს! ცოტა მეცინება, ქვეყანაში, რომელიც მოდას აექსპორტებს, ქართული წინდებით რომ შევდივართ, მაგრამ ასეა ეს წინ და წინ“, – წერს რევაზ ბესელაშვილი.
AlterSocks-ის თანადამფუძნებელი იხსენებს, რომ „ალტერსოქსი“ იტალიის ბაზარზე კოვიდამდე პერიოდში შევიდა. მათი პარტნიორი გერმანიიდან წინდებს ჯერ იტალიურ „ამაზონზე“ ყიდდა, შემდეგ გამოეხმაურნენ სიცილიიდან, 2022 წლიდან კი – ტოსკანის რეგიონიდან. AlterSocks-ის თანადამფუძნებლის თქმით, გასულ წელს ათეული ათასი AlterSocks-ის წინდის ექსპორტი განხორციელდა.
„2021 წლის ბოლოს, გამოგვეხმაურნენ სიცილიიდან, შევთანხმდით პირობებზე და 2022 წელს სიცილიაში მასშტაბურად შევედით, ჩვენი წინდები პალერმოს, ჩეფალუს და სხვა ქალაქებში იყიდებოდა. 2022 წლის ბოლოს, გამოგვიჩნდა ახალი პოტენციური პარტნიორი ტოსკანას რეგიონიდან, ასევე შევთანხმდით პირობებზე და 2023 წელს, რამდენიმე ათეული ათასი წინდის ექსპორტი განვახორციელეთ. ჩვენი წინდები იყიდება ქალაქ პიზაში, ლუკაში, ვერონაში, ფლორენციაში და ა.შ. 2024 წლის იანვარში ჩვენი პარტნიორები ჩამოვიდნენ, გვქონდა შეხვედრა, აქვთ გეგმები, რომ ტოსკანას რეგიონს გაცდნენ და წინდები მთელ იტალიაში გაყიდონ, როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ციფრული არხებით. იტალიის ბაზარზე, იყიდება, როგორც „ალტერსოქსის“ არსებული დიზაინები, ასევე სპეციალურად, ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილი მოდელები“, – ამბობს რევაზ ბესელაშვილი „კომერსანტთან“.
იტალიის გარდა AlterSocks-ის წინდები იყიდება გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ბრიტანეთში, სომხეთში, შვეიცარიაში და ესტონეთში. როგორც რევაზ ბესელაშვილი აცხადებს, ჩამონათვალი ყოველწლიურად ფართოვდება.
შეგახსენებთ, რომ წინდების მწარმოებელი ქართული კომპანია AlterSocks ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ქართულ კომპანიას 200-ზე მეტი დიზაინის წინდა აქვს დამზადებული.