ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება – ირაკლი ბენდელიანი

ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება – ირაკლი ბენდელიანი
ის, რომ ძველმა კომპანიებმა სამუშაოები ბოლომდე მიიყვანეს და მხოლოდ ასფალტის საფარი იყო დარჩენილი და კონტრაქტი ამ დროს გავუწყვიტეთ, ასე არ მომხდარა. ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ (კონტრაქტის გაწყვეტის) გადაწყვეტილება,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უშუალოდ სამუშაოს მოცულობას, რამდენი ტონა ასფალტი დაიგო და რამდენი ტონა სამშენებლო მასალა შემოვიდა ობიექტზე, ამას შესაბამისი სამსახური ითვლის. თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი, უდიდესი სამუშაოები ჩატარდა. ზოგადად, როდესაც ასფალტის საფარი მოეწყობა, აღსაქმელად ცოტა რთულია, ასფალტის ქვეშ რა სამუშაოები ჩატარდა. ფოტოებზეც არის ნაჩვენები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს არ მინდა ისე აღვიქვათ, რომ 9 თვე მხოლოდ ასფალტის საფარის მოწყობას დასჭირდა. ძირითადი ნაწილი დასჭირდა მიწისქვეშა სამუშაოებს, რომ ეს ქსელი მთლიანად განახლებულიყო, შეცვლილიყო იმიტომ, რომ გაუბედურებულ, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ჟანგიანი, აოხრებული მილები იყო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ მილების საშუალებით მიეწოდებოდა მოსახლეობისთვის წყალი. შესაბამისად, ეს ყველაფერი განახლდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა-განახლებაში მხოლოდ საგზაო კომპანიები არ მუშაობენ. ისინი აწყობენ სანიაღვრე ქსელს, მაგრამ იმის გარდა კიდევ უამრავი კომუნიკაციაა. შესაბამისად, კითხვა ისე დავსვათ, რომ ძველმა კომპანიებმა სამუშაოები ბოლომდე მიიყვანეს და მხოლოდ ასფალტის საფარი იყო დარჩენილი და {კონტრაქტი} ამ დროს გავუწყვიტეთ, ეგ ეგრე არ მომხდარა. ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. იყო უამრავი ფაქტები ხელშეკრულების პირობების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
დაახლოებით, 31 მილიონი ლარი არის საგზაო მიმართულებით გამოყოფილი. თუმცა საგზაო სამუშაოების გარდა ხედავთ, რომ მთლიან გამზირზე უამრავი სხვა სამუშაოებიც ტარდება. ბუნებრივია ამას თავისი თანხები სჭირდება, რაც გამოყოფილია. 31 მილიონი მხოლოდ საგზაო მიმართულებით გამოყოფილი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.