„ქართული ბანკების კატასტროფულ მომგებიანობაზე საუბარი აბსოლუტური პოპულიზმია“ – გიგა ბედინეიშვილი

„ქართული ბანკების კატასტროფულ მომგებიანობაზე საუბარი აბსოლუტური პოპულიზმია“, – ამის შესახებ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კომერციული ბანკების მომგებიანობის შეფასების ყველაზე კარგი პარამეტრი საკუთარ კაპიტალთან მიმართებით უკუგების მაჩვენებელია, რაც ქართული ბანკების შემთხვევაში არც ისე მაღალია.
„ბანკების მომგებიანობის შეფასება თუ გვინდა, ყველაზე კარგი პარამეტრია საკუთარ კაპიტალზე უკუგება, რომელიც ქართულ ბანკებისთვის 20-იდან 30%-ის ფარგლებში მერყეობს. ამაში არაფერი ექსტრაორდინალური არ არის, იმიტომ, რომ საკუთარი კაპიტალის ღირებულებაც საკმაოდ ძვირია საქართველოში, ინფლაციისა და სხვა რისკების გამო. ამიტომ საკუთარი კაპიტალის ღირებულებას უნდა აჯობოს ბანკმა, რათა თავისი აქციონერებისთვის ღირებულება შექმნას.
უნდა გვინდოდეს, რომ ბანკებმა ღირებულების შექმნა შეძლონ თავიანთი აქციონერებისთვის. ამიტომ, კარგია, როდესაც საკუთარ კაპიტალზე უკუგება საკუთარი კაპიტალის ღირებულებას აღემატება. თუ ვამბობთ იმას, რომ ბანკების მოგება, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა, ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც თუ რამდენით გაზიარდა ლარში გამოხატული ნომინალური მშპ, ალბათ 15-20%-ით. ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად ბევრი ან ცოტაა ბანკებისთვის წლიურად მოგების 30%-იანი ზრდა. თუ გვინდა გავიგოთ რამდენად მომგებიანია ბანკი, მის უკუგება უნდა დავთვალოთ მის საკუთარ კაპიტალთან მიმართებით.
საკუთარი კაპიტალის ღირებულება ამერიკული ბანკისთვის შეიძლება იყოს 10-12% და ასეთ შემთხვევაში 20-25%-იანი უკუგება ძალიან მაღალია. მაგრამ, როცა 20-22%-ია საკუთარი კაპიტალის ღირებულება, უკუგების 25% მაშინ არც ისე მაღალია. ქართული ბანკებისთვის საკუთარი კაპიტალის საშუალო ღირებულება დაახლოებით 18-22%-ია შესაბამისად, ამ ფონზე საქართველოში ბანკების მომგებიანობაზე საუბარი აბსოლუტური პოპულიზმია“, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.
მისი თქმით, საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდას პირველ რიგში ეროვნული ბანკის რეგულაციები უშლის ხელს.
„შეგვიძლია, რომ უფრო მეტი კონკურენცია გვქონდეს საბანკო სექტორში და ამ კონკურენციას ვინც ზღუდავს საბანკო სექტორში, ეს არის ეროვნული ბანკი. ზედმეტად მკაცრია მისი ლიცენზირების პოლიტიკა. ახალ მოთამაშეებს ისე არ უშვებენ სექტორში, როგორც ჩემი აზრით, უნდა შემოუშვან. ეს ზღუდავს კონკურენციას.
ვითომ ამის კომპენსირებას ცდილობენ გამსხვილებისთვის ხელის შეშლით, რაც თავისთავად პრობლემაა, რადგან მომგებიანი ბანკებისთვის წამგებიანი ბანკების შეძენაში ხელის შეშლა ჯანსაღი არ არის. რაც უფრო მეტად ჩაყოფს ცხვირს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობაში, მით უფრო იმის საპირისპირო შედეგი დადგება, რასაც გვეუბნებიან რომ მათი მოტივაციაა“, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.