ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად პროტესტია – სამოქალაქო აქტივისტები უკვე რამდენიმე საათია სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან იმყოფებიან. ხალხი ამბობს, რომ ქალაქში უნდა არსებობდეს მოწესრიგებული თავშესაფრები, სადაც უპატრონოდ დარჩენილ ძაღლებს გამოკვებავენ, საჭირო ვეტერინარულ მომსახურებას გაუწევეენ და იზრუნებენ მათ სიცოცხლეზე.
ზუგდიდში მიმდინარე აქციას შეუერთდა მოდელი თამო ვაშალომიძეც.
ეს დღეებია გავიგე რაც ხდება. ძალიან აღშფოთებული ვარ, ეს არსებები ზოგ ადამიანასც რომ სჯობიან სიყვარულით და მხოლოდ უანგარო სიყვარული უნდათ ჩვენგან, როგორ შეიძლება ვინმე ცუდად მოექცეს. არა ძალადობას. უნდა ვიყო ახლა თბილისში აქციაზე, მაგრამ ვარ ზუგდიდში და ძალიან დიდი მადლობა ამ აქციისთვუს”, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ჰყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით – სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ.




