ხანდაზმული სესხები – რისი უფლება და ვალდებულება გვაქვს? გვანცა ჟორჟოლიანის ბლოგი

ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველას ფულადი ვალდებულება აქვს ბანკებთან, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. ამიტომ როცა „კომერსანტის დილის“ საავტორო რუბრიკისთვის ხანდაზმული სესხების თემა შევარჩიე, ვიცოდი, რომ მსმენელთა დიდი ნაწილი დაინტერესდებოდა. მაგრამ ამდენ კითხვასაც არ ველოდი – რადიო ეთერის მსვლელობისა თუ დასრულების შემდეგ საბანკო სესხის ხანდაზმულობასა და ფინანსურ ბიუროებზე, სხვადასხვა მეთოდით რომ ვადაგადაცილებული სესხების გაცოცხლებას და ვალის ამოღებას ცდილობენ. შეუძლებელია პირდაპირ ეთერში, 15 წუთი იყოს საკმარისი დრო, რომ ასეთი ვრცელი თემა სრულად ამოწურო, ამიტომ ბლოგის ფორმატში გადავწყვიტე მეტი განმარტება გავაკეთო,რაც მჯერა ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ უფრო გამოადგებათ.
პირველი, რაც სესხის აღებისას გვაინტერესებს, არის – რა თანხა გვექნება შესატანი თვიურად? მეორე – რა პროცენტში ვსესხულობთ თანხას? ამ ორ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ ბევრისთვის საკმარისი ხდება სესხის ხელშეკრულებას ხელი წაუკითხავად მოვაწეროთ. და აქედან იწყება პრობლემებიც.
ხელშეკრულებაში არის თავი – „მხარეთა პასუხისმგებლობა“. ამ თავში დეტალურად არის გაწერილი, რა იქნება ჯარიმის ოდენობა, თუ სესხის გადახდის ვადას გადავაცილებთ, რამდენია პირგასამტეხლოს ყოველდღიური საურავი და ზოგადად, რა ხდება, თუ სესხს თავის დროზე არ გადაიხდით. მოკლედ, ამ თავშია თავმოყრილი ყველა მოსალოდნელი სანქცია. ყურადღებით თუ წაიკითხავთ, სამომავლო საფრთხეებსაც განსაზღვრავთ.
ხელშეკრულებით გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ ფულადი ვალდებულება უნდა გადაიხადოთ და ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაც რეგულირდება, რომ არაფერი ვთქვათ მორალურ პასუხისმგებლობაზე. თუმცა, ყველაფერი ხდება და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვეღარ შევძლოთ. ასეთ დროს, ბანკი, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რეგულარულად გვიკავშირდება, გვაფრთხილებს, გვაკისრებს ჯარიმას, ბოლოს კი სასამართლოს მიმართავს ხოლმე. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ორგანიზაციას საქმე სასამართლომდე საკმაოდ გვიან მიჰყავს და მსესხებელს უკვე ხანდაზმული სესხის დაბრუნებას სთხოვს.
თუკი ვალდებულების შესრულების დადგომიდან გასულია 3 წელი, ან/და მეტი, სესხი ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა მსესხებელმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სესხის ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მსესხებელს უწევდა შენატანი, ან სესხის დაფარვა და მან ეს არ გააკეთა. მაგალითად, თუ მსესხებელს სესხის შენატანის გადახდა უწევდა 2021 წლის 1 იანვარს და შენატანი არ გადაიხადა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო დღიდან, ანუ 2021 წლის 2 იანვრიდან და გაგრძელდება 2024 წლის 2 იანვრამდე. ამ პერიოდში კრედიტორს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმოქმედოს მისი დარღვეული უფლების აღსადგენად. თუ არ ისარგებლა, სესხი ავტომატურად ხანდაზმულია.
ასეთ დროს, ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ, რომ ჩვენი სესხი ხანდაზმულად ცნოს. თუკი ბანკები, ან სხვა ფინანსური ბიუროები სესხის გადახდას მაინც მოგვთხოვენ, პასუხი მარტივია – ჩემი სესხი ხანდაზმულია.
აქვე დავამატებ, გამსესხებლებმა და მსესხებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ გულისხმობს საკრედიტო კომპანიის მოთხოვნის გაუქმებას. არამედ მოვალეს ენიჭება უფლება, უარი თქვას თანხის გადახდაზე. მან შეუძლია მოითხოვოს სარჩელის გაუქმება, რის მიზეზადაც ხანდაზმულობას დაასახელებს.
საგულისხმო მაგალითიც შემიძლია გაგიზიაროთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეემთხვა ჩემს კლიენტს. ის 2010 წლიდან ფლობდა ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ბარათს, რომლის დავალიანების სრულად დასაფარად 132 ლარი უნდა შეეტანა. იმ პერიოდში უმუშევარი დარჩა და თანხის დაბრუნება ვეღარ შეძლო. 11 წლის შემდეგ, დაუკავშირდა ფინანსური ბიურო და უხეში, შეურაცხმყოფელი ტონით მოსთხოვა 18 449 ლარის დაბრუნება. როდესაც ამ შემაშფოთებლად დიდი თანხის შესახებ გაიგო ჩემმა კლიენტმა გაოცება ვერ დამალა. ფინანსური ბიუროს თანამშრომელმა კი ისევ უხეში მომთხოვნი ტონით აუხსნა, რომ 132 ლარი ამ 11 წლის მანძილზე 18 449-მდე გაიზარდა, რადგან 2011 წლიდან 2022 წლამდე პირგასამტეხლო დაგროვდაო.
ეს ყოვლად დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციით, ნებისმიერ სესხზე ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებს, უფლება აქვთ, მოვალეს დააკისრონ მხოლოდ 180 დღის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. 180 დღე კი დაახლოებით 6 თვეა და არა 11 წელი.
ხანდაზმულ სესხებზე ამდენი სულაც არ მისაუბრია იმიტომ, რომ ვინმეს მოვუწოდო, ვადაგადაცილებული სესხები არ გადაიხადოთ-მეთქი. სესხის გასტუმრება რომ მორალურადაც და კანონითაც გვეკისრება, ეს თავშივე ვახსენე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს, წლების განმავლობაში უკანონო ჯარიმები დაგვაკისროს, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ან დაგვაშინოს.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რისი უფლება და ვალდებულება გვაქვს, რომ საკუთარი თავი უკეთ დავიცვათ.