სად აშენდება თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი? – ნახეთ პროექტები

თსუ პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება. თსუ-ს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა.
გამოცხადებულ კონკურსში რვა პრეტენდენტმა (ესენია: შპს „ეი-დი-ეს“; შპს „არქიკოლეგიუმი“; შპს „გრინსტუდიო“; შპს „ნს სტუდიო“; შპს „ვოლ“; შპს „ტასჰაბი“; შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“; შპს „მორფ“) წარადგინა პროექტები, რომელთაგან გამარჯვებული 5 თებერვალს გამოვლინდება.
თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი თსუ-ის პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ აშენდება, სადაც ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს.
თსუ-ის პირველ კორპუსში, გაცნობისა და შეფასებისთვის, გამოიფინა 8 არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტი, რომლის დათვალიერებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.