მეუფე სტეფანე: ვერცერთ მეუფეს ვერ დავწამებ ცილს, რომ ვიღაცის სურვილით ან ნებით მოქმედებს

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, ვერცერთ მღვდელმთავარს ვერ დასწამებს ცილს, რომ ვინმეს სურვილით ან ნებით მოქმედებენ. ამის შესახებ მეუფე სტეფანემ პალიტრანიუსის ეთერში, შესაძლო ზეგავლენის მცდელობებზე – რუსეთის დაზვერვისა და შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ისაუბრა.
“ზოგადად, როდესაც ასეთ რამეს ამბობს ადამიანი, ეს პოლიტიკური შეფასებებია. ჩვენ დიდად არ მივუყვებით პოლიტიკურ შეფასებებს, უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ღვთისაგან მოცემული მადლი, რომელიც არის სულიწმიდის მადლი და რომლითაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ვერავინ ვერ შემაცვლევინებს აზრს იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც უნდა. ეს ისეთი რამეა, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთ მღვდელმთავარს ვერ ეტყვი, რომ ვინმეს ზეწოლით მოქმედებს ან შეგეშინდა ვინმესი.
ადამიანის სისუსტეებზეა გათვლილი ეს რაღაცები, სისუსტე როგორ არ მაქვს. ვთქვათ, ვინმემ რომ მოინდომოს ჩემზე ზემოქმედება იმის გამო რომ ჩემი სისუსტე გამაჩნია, მე მირჩევნია ღმერთთან ვითხოვო შენდობა, ვიდრე ამ ადამიანთან რაღაც თანხმობაში შევიდე და ფაქტობრივად ბოროტი სამსახური გავწიო.
ყველა ადამიანს თავისი შინაგანი სამყარო აქვს, მათ შორის, მღვდელმთავრებსაც. ვერცერთ მღვდელმთავარს ვერ დავწამებ ცილს, რომ ის ვიღაცის სურვილებით ან ნებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარე არც ერთი არ დამიყენებია ეჭვის ქვეშ. ყველა მღვდელმთავარი ჩემი ძმაა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთის მიმართ გვაქვს დადებითი ურთიერთობა. მე არ მაქვს უფლება, ვინმე მღველმთავართაგან ეჭვქვეშ დავაყენო, იმიტომ, რომ ეჭვიანობ.
არავისზე არ შემაქვს ეჭვი. არც ერთ მღვდელმთავარში არ შემაქვს ეჭვი. ჩემი დამოკიდებულება არის ღია, გულწრფელი და არ მინდა უსაბუთოდ ვინმეს რამე დავაბრალო”. – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მისი თქმით, თუ სინოდი სხვა კანდიდატს აირჩევს ამას სულიწმიდის გავლენად მიიჩნევს და მიყვება “პატრიარქს, რომელიც იქნება არჩეული”.
“არცერთ მღვდელმთავართან დაკავშირებით მე არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის ისე, რომ აიღებს, რაღაცას ან ვიღაცას დაემორჩილება და შეცვლის ვითარებას ვიღაცის სასარგებლოდ. შეიძლება მას ჰქონდეს აზრი, მე მის აზრს პატივს ვცემ, და შემოვა სხვა კანდიდატურები. თუ სინოდი ერთსულოვნად, უმრავლესობით რომელიმე კანდიდატის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე, მაგრამ პატრიარქი თუ ხმათა უმრავლესობით იქნება არჩეული, მე, ჩვეულებრივად, სულიწმიდის გამოვლინებად მივიჩნევ, რომ ასე მოხდა და მე მივყვები პატრიარქს, რომელიც იქნება არჩეული. ეს არ არის პოლიტიკური ფრაქციები, პარლამენტი არ ვართ. როცა ვბჭობთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, პატივს ვცემთ ერთმანეთს და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ”. – განაცხადა მან.
მიტროპოლიტმა სტეფანემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მოსაყდრე შიოზე, მისი თქმით, “პატრიარქის გადაწყვეტილებას ენდობა” და არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს მისაღები.
“პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს, ვთქვათ რომ სხვა კანდიდატზე ვიფიქრო. პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, როცა ვამბობ, რომ ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ მის საქმიანობას და მე მაკმაყოფილებს [საქმიანობა]. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და ვთქვი ეს, არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ ჩემი პოზიციაა მეტია არაფერი. […]
პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდით ჰყავდა. მე ზუსტად ვიცი, რომ მეუფე შიო ყველა მოქმედებას პატრიარქთან ათანხმებდა. არასდროს თვითნებური გადაწყვეტილება არ მიუღია, მხოლოდ იმ ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა – მის ეპარქიაში, ან ქორეპისკოპოსის პოზიციაზე მას ევალებოდა. როგორც მოსაყდრე, რასაც ჰქვია ეკლესიის მართვა, პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.