„პაციენტებს, ვისაც სტაციონარში დაწოლა სურს, უარით ისტუმრებენ“- ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საზოგადოებრივი სექტორის ეფექტურად მართვას ვერ ახერხებს. განსაკუთრებულად პრობლემურია ჯანდაცვის სექტორი. ახალგორის სტაციონარს მომსახურების საჭიროების მქონე მოქალაქეების მიღება არ შეუძლია. პაციენტებს, ვისაც სტაციონარში დაწოლა სურს, უარით ისტუმრებენ,” – ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ავრცელებს.
DRI-ის კვლევას გთავაზობთ სრული სახით.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საზოგადოებრივი სექტორის ეფექტურად მართვას ვერ ახერხებს. ს ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული დახმარების მიუხედავად, ახალგორის რაიონში დე-ფაქტო თვითმმართველობის და რესპუბლიკური დაქვემდებარების ინსტიტუტები სისტემურ პრობლემებს აწყდებიან და თავის ფუნქციებს ვერ ასრულებენ. განსაკუთრებულად პრობლემურია ჯანდაცვის სექტორი.
მწვავე საკადრო პრობლემების და შესაბამისად, მომსახურების დაბალი ხარისხის წინაშე დგას ახალგორის საავადმყოფო.
მიუხედავად, ცხინვალიდან დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თომას ჯიგკაევის სტუმრობისა, რომელმაც ადგილობრივ ექიმებს შესაბამისი მითითებები დაუტოვა და მხარდაჭერაც აღუთქვა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ფინანსური და საკადრო დეფიციტის ფონზე უჭირს პასუხისმგებლობის აღება.
ახალგორის საავადმყოფოს სტაციონარის მთავარმა ექიმმა მონიკა ჯიოევამ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, რამაც სტაციონარში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ახალგორის სტაციონარს მომსახურების საჭიროების მქონე მოქალაქეების მიღება არ შეუძლია. პაციენტებს, ვისაც სტაციონარში დაწოლა სურს, უარით ისტუმრებენ. ამ მდგომარეობის შესაცვლელად მთავარმა ექიმმა გადაწყვიტა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმებმა არა მხოლოდ მოიყვანონ ავადმყოფი სტაციონარში, არამედ მასზე ზრუნვა სტაციონარშიც გააგრძელონ. თუმცა იმის გამო, რომ ზედმეტად არ დაიტვირთონ, გამოძახებებზე წასულ სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტები სტაციონარში მაინც არ მოჰყავთ. გადაუდებელ შემთხვევაში კი, ავადმყოფებს ცხინვალში ამისამართებენ.
ჯანდაცვის სექტორში პროფესიული კადრების დეფიციტი საავადმყოფოს ადმინისტრაციას აიძულებს მინიმალური კვალიფიკაციის და სფეროში განათლების არმქონე პირები დაასაქმოს, რაც სავარაუდო კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშანიცაა. მაგალითად, ახალგორის საავადმყოფოში ლაბორანტად მუშაობს ადამიანი, რომელსაც შესაბამისი განათლება არ აქვს. სამედიცინო პერსონალად გაფორმებული თანამშრომლები არათუ განათლების და კვალიფიკაციის დონით არ შეესაბამებიან სფეროს მოთხოვნებს, არამედ არც ჩანან სამუშაო ადგილას.
ადგილობრივები შიშობენ, რომ თუკი ახალგორის საავადმყოფოს დირექტორი ამ სიტუაციას თავს ვერ გაართმევს, ცხინვალმა შესაძლოა სამსახურიდან გაუშვას არა მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც სამუშაო ადგილზე ფორმალურადაა გაფორმებული და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს, არამედ ისინიც, ვის მხრებზეც რეალურად დგას ახალგორის საავადმყოფო.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და კონკრეტულად ახალგორის მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია, რთული ეპიდვითარების და ჯანდაცვის სექტორში არსებული სხვა პრობლემების გამო, მისი ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილება სულ უფრო რთული გახდება. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, სამედიცინო დახმარების მსურველ მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მომსახურებაზე.