საქართველოს იგორ დოდონი და პრორუსი მოლდოველი დეპუტატები სტუმრობენ

მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოში იმყოფებიან.დოდონმა, რომელიც ერთი დღით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა, საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.„როგორც მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები თბილისში, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში. ვიზიტი ტარდება ქართული მხარის მოწვევით. დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, PSRM-ის დეპუტატი ბოგდატ ცირდეა. მის შემადგენლობაში ასევე შედიან ჯგუფის წევრები: ფრაქციის „დემოკრატია სახლში“ თავმჯდომარე ვასილ კოსტიუკი, PSRM-ის დეპუტატი პეტრუ ბურდუჯა და საპარლამენტო ფრაქცია „ალტერნატივის“ ვიცე-თავმჯდომარე ოლგა ურსუ.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი სხდომის ჩატარება, რაც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის გაძლიერებას აღნიშნავს. ასევე, დელეგაციის დღის წესრიგი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აგრეთვე ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებთან“, — წერს დოდონი.მისი თქმით, ვიზიტის მიზანია მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარება, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით.ორგანიზაცია WatchDog.MD-ის თავმჯდომარემ, ვალერიუ პაშამ გამოაქვეყნა მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის პროგრამა. პროგრამიდან ირკვევა, რომ ვიზიტი 1-5 აპრილს იმართება და დაგეგმილია პარლამენტის ტური და შეხვედრა ისკო დასენთან, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.პროგრამის მიხედვით, მოლდოვის დელეგაციაში შედიან პრორუსული „სოციალისტური პარტიის” წევრები: ბოგდატ ცირდეა, იგორ დოდონი, პეტრუ ბურდუჯა, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლგა ურსუ („ალტერნატივა“), ვასილე კოსტიუკი („დემოკრატია სახლშის“) და ასისტენტი ჟურნალისტი ელენა დუკა.მაია სანდუს მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში შედიან, ვიზიტის პროგრამაში არ ჩანს.„სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა ის, რად იქცა საქართველო რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის პირობებში! მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით, მათ მოლდოვის პარლამენტიდან რუსული კონსერვატორების დელეგაცია მოიწვიეს. მას ხელმძღვანელობს მოლდოვაში კრემლის ალბათ ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი ბოგდატ ცირდეა“, — წერს ვალერიუ პაშა.საქართველოს პარლამენტს არ გაუვრცელებია ინფორმაცია  მოლდოვის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის შესახებ.იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი. ის პრორუსული „სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა.მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.პრორუსი დოდონი მოლდოვას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას მიბაძოს