რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში გამართული შეხვედრის დეტალები, სომეხი პოლიტიკური ექსპერტის, მიკაელ ზოლიანის შეფასებით, არატიპური და ამავე დროს სიმბოლურია დღევანდელი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის.
ექსპერტის თქმით, მთლიანობაში შეხვედრა საკმაოდ უჩვეულო იყო და ნათლად ასახავს იმ ცვლილებებს, რაც ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სომხეთი დღეს უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა:
“როგორც წესი, ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პუტინთან დიალოგს აწარმოებენ, მოსკოვში პირადად არ ჩადიან, ხოლო ისინი, ვინც კრემლს სტუმრობენ, როგორც წესი, სრულ თანხმობას გამოხატავენ რუსეთის ლიდერის მიმართ.
ამ ფონზე სომხეთი ერთ-ერთი იშვიათ მაგალითი ხდება. ქვეყანა, რომლის ლიდერიც ჩადის მოსკოვში, ესაუბრება პუტინს და ამავე დროს ღიად გამოხატავს პოზიციებს, რომლებიც კრემლისთვის შესაძლოა უსიამოვნოც კი იყოს”.
ექსპერტის თქმით, საუბარია მათ შორის იმ გზავნილებზე, რომ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას და საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების შესახებ თავად სომეხი ხალხი მიიღებს.
“ასევე, ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიულ პროცესებზე, რაც, ექსპერტის შეფასებით, პუტინისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ უნდა ყოფილიყო”.
მიკაელ ზოლიანი ამბობს, რომ რუსული სოციალური ქსელების შედარებით თავისუფალ სივრცეში უკვე აქტიურად განიხილება, რომ ეს შეხვედრა და ფაშინიანის ტონი ერთგვარი გამომწვევი პასუხი იყო პუტინის მიმართ.
“ამასთან, სომხეთში შიდაპოლიტიკურ კონტექსტშიც გაჩნდა მნიშვნელოვანი დისკუსია. კერძოდ, საუბარია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა ღიად დაუჭირა მხარი ბიზნესმენსა და ოლიგარქ სამველ კარაპეტიანს სომხეთში 2026 წლის 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და საჯაროდ აღნიშნა, რომ იგი „ჩვენი ადამიანია“ და არ უნდა შეიზღუდოს”.
ექსპერტის შეფასებით, ეს ფაქტორი შესაძლოა უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდეს კარაპეტიანისთვის, ვიდრე სასარგებლო. მისი თქმით, კარაპეტიანის მხარდამჭერები სომხეთში აქტიურად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ იგი არ წარმოადგენს პრორუსულ ძალას და არ იმართება მოსკოვიდან, თუმცა პუტინის ამგვარმა განცხადებამ აღნიშნული ნარატივი მნიშვნელოვნად დააზიანა.
მიკაელ ზოლიანი ასევე საუბრობს შეხვედრის შესაძლო შედეგების შესახებ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში უკვე გაჩნდა გარკვეული შიში, რომ აღნიშნული დიალოგის შემდეგ შესაძლოა ურთიერთობები გამწვავდეს და ადგილი ჰქონდეს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთის მხრიდან.
თუმცა, მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჭრილში. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ერევანსა და ბაქოს შორის უკვე არსებობს კონფლიქტის დასრულების საერთო გაგება, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში.
მისი თქმით, მოსკოვს აღარ აქვს ის ბერკეტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა – თუ ადრე რუსეთი ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ერევანსა და ბაქოზე ერთმანეთის მეშვეობით, ახლა ეს მექანიზმი პრაქტიკულად აღარ მოქმედებს.
“ამ ეტაპზე სომხეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ აწარმოებენ დიალოგს, შეინიშნება პროგრესი სამშვიდობო პროცესში, ხოლო ომის განახლების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ ამ გარემოებამ, ექსპერტის აზრით, მისცა ნიკოლ ფაშინიანმა თავს უფლება, უფრო თამამი და პირდაპირი ტონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან”.



