ქართული ოცნების დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არსებული კომბინაციით საქართველოს კოლექტიური მტრები გაანადგურა და ახალი კომბინაციით ბოლო ლურსმანს დააჭედებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა იყო მიზეზი სამთავრობო ცვლილებებისა, ზავრადაშვილი პასუხობს:
“თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად იქნება? ასე იყო საჭირო და იმიტომ”.
ირაკლი ღარიბაშვილma 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე “გუნდთან ერთად” იმსჯელა.
სამთავრობო არხის, TV იმედის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის.
ირაკლი ღარიბაშვილი პირველად პრემიერმინისტრად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა, ორ წელში, 2015 წელს მან თანამდებობა და პარტია დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2019 წელს დაბრუნდა, როგორც თავად თქვა, “გუნდის პრობლემების გამო”. ის პარტიის პოლიტიკური მდივანი, მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრი გახდა. 2021 წლის 18 თებერვალს კი, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრად მეორედ წარადგინა.