Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა

Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა და ხომალდი Orion ამჟამად დედამიწიდან დაახლოებით 69 000 კმ-ითაა დაშორებული.
დღეისთვის ასტრონავტების ძირითადი მისია იმის შემოწმებაა, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემის თითოეული ნაწილი. ისინი ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მიწაზე მყოფ ინჟინრებს აწვდიან.
ხვალ, 3 აპრილს, მთავარ ძრავას ჩართავენ. ეს ხომალდის სიჩქარესა და მიმართულებას შეცვლის, რათა Orion-მა დედამიწის ორბიტა დატოვოს და მთვარისკენ დაიძრას. ამას თბილისის დროით 02:30 საათიდან 04:00-მდე შუალედში უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, ამ ხომალდში ოთხი ასტრონავტი იმყოფება: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. ისინი 1972 წლის შემდეგ პირველები იქნებიან, რომლებიც მთვარეს მიუახლოვდებიან და შეიძლება იმაზე შორსაც წავიდნენ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ყოფილა.
უნდა აღინიშნოს, რომ 20% იყო შანსი ისეთი ღრუბლიანობის, რომელიც მისიის განხორციელებას შეუშლიდა ხელს. საბედნიეროდ, NASA-ს ამინდმა ხელი შეუწყო და ისტორიული გაშვება შედგა — მოხდა ის, რასაც კოსმოსის ენთუზიასტები დიდხანს ველოდით.
Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.
მისია 10-დღიანია. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თავიდან ასტრონავტები დროს სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ, მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და Orion-ს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილება.
მესამიდან მეხუთე დღემდე პერიოდი მთვარემდე მისაღწევადაა გამოყოფილი, რადგან 362 000 კილომეტრი მანძილია დასაფარი. შედარებისთვის, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური მხოლოდ 402 კილომეტრ დისტანციაზეა. ამ დროის განმავლობაშიც ეკიპაჟი სხვადასხვა ტესტირებას ჩაატარებს და ტექნოლოგიებს გამოცდის.
მეექვსე დღეს Orion უკვე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე იქნება და მას ერთხელ შემოუვლის. ასე მოხვდება იგი მთვარის შორეულ მხარეს, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად “ზურგშექცევითაა”, ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა.
ასევე: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
მომდევნოდან მეცხრე დღემდე Orion დედამიწისა და მთვარის გრავიტაციის გამოყენებით შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლებს. მეათე დღეს იგი უკვე პლანეტაზე დაბრუნდება — ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა (ამისთვის ის გაუმჯობესებული თბოდამცავითაა აღჭურვილი) და ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვება. მათ იქიდან -ის საზღვაო ძალების წარმომადგენლები გამოიყვანენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.