“შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს” – ამბობს ივანიშვილის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.
სონღულაშვილის განცხადებით, “არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას” არ დარჩება რეაგირების გარეშე.
სონღულაშვილი ამბობს, რომ “ყველა ცილისწამების ფაქტი” იქნება გამოძიებული და მასში ჩართული პირები “პასუხს აგებენ”.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და ზიანს აყენებს, როგორც საზოგადოებრივ ინტერესს, ისე თავად ცხოველთა დაცვის საქმეს.
ამასთანავე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა ასეთი ცილისწამების ფაქტი იქნება სათანადოდ გამოძიებული და თითოეული პირი, რომელიც ჩართულია მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში.
ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის განხორციელებას საზოგადოების ინტერესების, უსაფრთხოების და ჰუმანური ღირებულებების დაცვით” – პრესსამსახურის ცნობით, თქვა დავით სონღულაშვილმა.
ცხოველთა დამცველები: მოვითხოვთ წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას
მიუღებელია ცოცხლად დაწვაზე ბრალდებები, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ავალიანი
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩილიგავა ამბობს, რომ “მნიშვნელოვანი საჭიროებაა კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან”. მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, “ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ.”