NASA-ს Artemis 2-ის მისია თბილისის დროით 2 აპრილს ფლორიდიდან გაეშვა. მისია ათდღიანია და 4 ასტრონავტის მთვარის გარშემო მოგზაურობას მოიცავს. ხომალდი Orion ჩვენი პლანეტის გარშემო 3 აპრილის დილამდე იმოგზაურებს. ამის შემდეგ იგი მნიშვნელოვან მანევრს შეასრულებს, რომლითაც მთვარისკენ აიღებს გეზს.
ამ მანევრს Trans-lunar injection (TLI) ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ ეს Artemis 2-ის მეორე დღის მთავარი აქტივობაა. გეგმის მიხედვით, TLI გაშვებიდან 25 საათისა და 37 წუთის შემდეგ უნდა მოხდეს, მაშასადამე, (ჩვენი დროით) 3 აპრილის დილის 4 საათისთვის.
TLI მთავარი ძრავის რამდენიმე წუთით ჩართვას გულისხმობს. ეს ხომალდის სიჩქარეს გაზრდის, რათა მან დედამიწის მიზიდულობისთვის თავის დაღწევა შეძლოს. ამ პროცესის შემდეგ ტრაექტორიაც შეიცვლება, რათა ხომალდი სწორი მიმართულებით დაიძრას.
ამის შემდეგ Orion მთვარისკენ მოძრაობას მთავარი ძრავის გარეშე გააგრძელებს, უმეტესად ძრავის ჩართვის შედეგად შეძენილი ინერციისა და დედამიწისა და მთვარის მიზიდულობის ძალის დახმარებით. ხომალდის ძრავებს ძირითადად მცირე შესწორებებისთვის გამოიყენებენ, მაგალითად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მანევრებისთვის.
მისიის განმავლობაში უკვე განხორციელებული ოპერაციების უმრავლესობის საბოლოო მიზანი TLI-ს წარმატებით ჩატარებისთვის ხელშეწყობა იყო. გარდა ამისა, ასტრონავტები სისტემის გამართულობას აკვირდებიან, რათა პოტენციური ხარვეზები აღმოიფხვრას. შესაბამისად, მისიის პირველი დღე ხომალდის შემოწმებას დაეთმო, მაგალითად, კომუნიკაციის სისტემების სიმწყობრეს.
TLI ამ მისიის განმავლობაში ძრავის უკანასკნელი ანთება იქნება. სწორედ ამ პროცესის საშუალებით აიღებს Orion გეზს მთვარისაკენ. თუ TLI წარმატებით განხორციელდება, Artemis 2-ის ასტრონავტები Apollo 17-ის მისიის შემდეგ პირველი ადამიანები გახდებიან, რომლებიც დედამიწის ორბიტას გაცდებიან.
გეგმის მიხედვით, ასტრონავტები მთვარეს მეექვსე დღეს შემოუვლიან გარშემო, მეათე დღეს კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. მათი გამოცდილება მთვარის კიდევ უფრო რთულ მისიებს დაუდებს საფუძველს. NASA-ს იმედი აქვს, რომ 2028 წლისთვის Artemis 4-ის მისია შედგება, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან. ხოლო აქედან რამდენიმე წლის შემდეგ მთვარის სამხრეთ პოლუსში ბაზის შექმნა იგეგმება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.