რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ ჩვენს არჩევნებში მონაწილეობა – ფაშინიანი პუტინს

1 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთისთვის დემოკრატიის მნიშვნელობას და პოლიტიკური პროცესის აქტუალობას.
“რაც შეეხება ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, იცით, სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ თითქმის ყოველთვის გვაქვს პოლიტიკური პროცესები და ეს ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია.
სინამდვილეში, წელიწადში ორჯერ გვაქვს , მუნიციპალური და ისინიც ძალიან პოლიტიზებულია, რადგან ჩვენი პოლიტიკური რეფორმების შედეგად, ხალხი აქაც აძლევს ხმას პოლიტიკურ პარტიებს ან მის წინააღმდეგ.”
მისი თქმით, არიან მოქალაქეები, ვინც თვლიან, რომ სომხეთში “ზედმეტად ბევრი დემოკრატიაა.”
“ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, არც ისე ბევრი, მაგრამ არიან მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სომხეთში ზედმეტად ბევრი დემოკრატიაა, მაგრამ ეს ჩვენთვის ღირებულებითი საკითხია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები 100%-იანი თავისუფლებით, საერთოდ არ არსებობს შეზღუდვები და ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ ეს ძალიან ბევრია.”
სომხეთის პრემიერმინისტრმა ასევე უპასუხა პუტინის სურვილს, რომ მეტმა “პრორუსმა” ძალამ მიიღოს მონაწილეობა სომხეთის “შიდა პოლიტიკურ პროცესში.”
“მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ, მაგალითად, ჩვენ მალე გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, ეს არის დეპუტატების არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად, დე ფაქტოდ, პრემიერ-მინისტრის არჩევნები.
მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ, ანუ, სრული პატივისცემით, რუსული პასპორტის მქონე პირებს, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, არ შეუძლიათ მონაწილეობა არც როგორც დეპუტატობის კანდიდატებს, არც როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატებს,” – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტი არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.