მიუღებელია ცოცხლად დაწვაზე ბრალდებები, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ავალიანი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა ავალიანის განცხადებით ბრალდებები “თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია”. მისივე თქმით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში.
ავალიანი ირწმუნება, რომ შინაურ ცხოველებთან მიმართებით ჰიპერპოპულაციის მართვის ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში, ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ზუგდიდში მოაწყო. ავალიანი აღნიშნავს, რომ არცერთ სხვა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში სურსათის სააგენტო არ შესულა და დღეის მდგომარეობით “შეხება არ აქვთ”  გორის თავშესაფართან.
“ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება.” – თქვა ავალიანმა.
გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა – სეს
1 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქის თქმით, გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე ცხოველებს წვავდნენ. სურსათის სააგენტომ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა” უწოდა.
დღეს საუბრისას ლაშა ავალიანმა ასევე თქვა, რომ ზუგდიდიდან წაყვანილ მიუსაფარ ძაღლებს, რომლებმაც კასტრაცია-სტერილიზაციის შემდეგ გაიარეს რეაბილიტაციის პერიოდი, დააბრუნებენ ზუგდიდის ტერიტორიაზე და არა დაუსახლებელ ადგილებზე.
“დღეის მდგომარეობით, ის ცხოველები, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, დარჩენილი 29-დან 12 დღეს დაბრუნდება ტერიტორიაზე. დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის; ეს სავარაუდოდ მოხდება დღეს საღამოს ან ხვალ დილით.” – თქვა მან.
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები  ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩილიგავას თქმით, “სატესტო გასვლებისას” გამოვლინდა “მნიშვნელოვანი საჭიროებები”, მათ შორის, კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, “ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ.”