Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ – კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

უნგრეთი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. Magyar Nemzet-ის ჟურნალისტმა ლასლო მოლნარმა „ჯვაროსნების“ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა.
პარიზელთა გმირს, „კვარადონას“ შეუძლია მარკო როსის გუნდს პრობლემები შეუქმნას
„რამდენიმე წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, თუ ქართველი ჩემპიონთა ლიგის გმირი გახდებოდა. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედებითი ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხედფინალში „ჩელსის“ განადგურებაში მთავარი როლი ითამაშა. ფენომენალური უნარების მქონე გარემარბის ნახვის შესაძლებლობა წელს მოგეცემათ, რამეთუ მარკო როსის გაწვრთნილი ნაკრები დომინიკ სობოსლაისთან ერთად ჯგუფში საქართველოსთან მოხვდა.
დღეს ხვიჩა არა მარტო ევროპის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი, არამედ პსჟ-ს შემტევი მანქანის მთავარი ძრავაა. მას ნეაპოლში „კვარადონა“ უწოდეს, პარიზში ნამდვილი ვარსკვლავია, ეფექტური მოქმედებებით გამოირჩევა, კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. მოედანზე დემონია, მოწინააღმდეგეთათვის საფრთხეა – ეს მხოლოდ გენეტიკით როდია განპირობებული, სპეციალური მომზადება და კოორდინაცია მოკლე დისტანციაზე მცველების გაბითურების საშუალებას აძლევს, რაც „ჩელსისთან“ სამი გოლით დაამტკიცა. ორივე ფეხით თამაშობს, მნიშვნელოვანია, რომ დაცვას აქტიურად ეხმარება. „პარი სენ ჟერმენში“ „კვარას“ წარმატებული მოქმედებები გასულ სეზონთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. მეურვეებთან ერთი ერთზე არაპროგნოზირებადია.
საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა კვარაცხელიასთვის განსაკუთრებული მისიაა. ხვიჩას უშიშარი თამაში ქართველი ხალხის ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს. ინტერვიუებში ყოველთვის საუბრობს თავის სამშობლოზე, ამიტომაც შეარქვეს „ქართველი მესი“.
პირად ცხოვრებაში მუდამ თავშეკავებული, ოჯახზე ორიენტირებული ადამიანია. ფუფუნებით არ ტრაბახობს, თავისუფალ დროს ვიდეოთამაშებით ერთობა და NBA-ს მატჩების ყურებით ტკბება. მეგობრების თქმით, აღიარებამ არ შეცვალა, ისეთივე გულუხვი და კეთილია, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“.