Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი:
საქართველოში მიუსაფარი ცხოველები ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ადგილობრივი პრობლემაა.
CRRC/NDI-ის 2023 წლის მონაცემებით (აგენტების კანონის შემდეგ მსგავსი მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ იქნება) – მოქალაქეების 22% ამბობს ასე.
ანუ, მოსახლეობის ხედვით, პრაქტიკულად იმავე სიმძიმის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორიცაა, მაგალითად, გზების გამართულობა.
გამოდის, ახლა ვსაუბრობთ არა ცხოველთა დამცველთა გრძნობებზე, არამედ ზოგადად ქალაქის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს მართვის ხარისხზე.
სახელმწიფოსთვის ეს პრობლემა პრიორიტეტების სათავეში რომ არ იყო, გასაგებია:
2015 წლის შემდეგ ოფიციალური აღრიცხვა 2023 წლამდე არ ყოფილა, ხოლო ორგანოს, რომელსაც ეს მინიმუმი უნდა ეთავა სანქცირებული POSTV-ის პროპაგანდისტი ვლოგერი ნიკუშა ‘მარქს’ ქობულაძე ხელმძღვანელობდა 
მისი საჯარო მოხელის ბრწყინვალე კარიერის მიწურულს, 2023 წელს, ასე თუ ისე დაიწყეს აღრიცხვა და 2025ში შეიმუშავეს კანონმდებლობაც, რომელიც “ქაღალდზე” ჰუმანურად მართლაც ჩანს, რადგან სტერილიზაციის შემდეგ ძაღლების დაბრუნებას ითვალისწინებს გარკვეული ლოკაციების გამოკლებით – სკოლები, ბაღები და ა.შ.
თუმცა ერთია რა წერია ქაღალდზე და მეორე, რა ხდება პრაქტიკაში.
ჯერ ერთი, თუ ძაღლი თავის ტერიტორიაზე აღარ ბრუნდება, სახელმწიფოსგან საჭიროა არა ზოგადი დაპირება, რომ უსაფრთხო ადგილას დააბრუნებს, არამედ ზუსტი, საჯარო და გადამოწმებადი მიკვლევადობა
და მეორე და მთავარი: კანონის და გარდამავალი დებულებების მიხედვით ერთიანი ბაზა, რეგისტრაცია, მიმკედლებლის იდენტიფიკაცია, ცხოველის მოძრაობის აღრიცხვის სისტემები ძირითადი ნაწილები 2026 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში, ხოლო არსებული ცხოველების რეგისტრაციის ვადა 2027 წლის 1 იანვრამდეა.
ანუ ამ კანონის ასამუშავებლად საჭირო ინფრასტრუქტურა ჯერ არ აშენებულა, მაგრამ სახელმწიფო ფართომასშტაბიან ოპერაციაში უკვე შევიდა, მაშინ როცა ნდობისთვის ყველაზე კრიტიკული ნაწილი – გამჭვირვალე ტრეკინგი – ჯერ არ არსებობს.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა და მისი ჯერ დირექტორის მოადგილემ, 2020ში კი ალბათ გამორჩეული ნიჭისთვის დაწინაურებულმა დირექტორმა ნიკუშა მარქსმა წლების განმავლობაში თვლა შესაძლოა ვერ ისწავლა.
თუმცა რასაც ვერ წაართმევ, კარგად დაამუღამეს პრობლემასთან გამკლავების საბჭოთა-მარქსისტული მემკვიდრეობა:
ძაღლია პრობლემა? – გავაქროთ ძაღლი – ფაფუ პრობლემა.
საბჭოთა კავშირის კანონმდებლობაც ჰუმანური იყო ქაღალდზე. თუმცა აღსრულებაა ამ ფიცის ბოლო, რომელიც, სამწუხაროდ, აღარც გვწამს და აღარც – გვაკვირვებს.




