საინჟინრო გეოლოგიაში კადრების სერიოზული კრიზისია – კომპანია “თბილინვესტპროექტის” დირექტორი თორნიკე ხევცურიანი

„საქართველოში სულ უფრო იზრდება მშენებლობების რაოდენობა. როგორც იცით, ყველა შენობა-ნაგებობას სჭირდება სანჟინრო გეოლოგიური კვლევა, შესაბამისად მზარდია მოთხოვნა ჩვენს მომსახურებაზეც, თუმცა საინჟინრო გეოლოგიის სფეროში კადრების სერიოზული კრიზისია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების კომპანია, “თბილინვესტპროექტის” დირექტორმა თორნიკე ხევცურიანმა განუცხადა.
თორნიკეს განცხადებით სპეციალისტების ნაკლებობა საინჟინრო გეოლოგიაში ახალი პრობლემა არაა და განსაკუთრებით რთულია კვალიფიციური კადრების პოვნა.
„ჩვენს საქმეში რამდენიმე პროფესიის ადამიანია ჩართული და კადრების კრიზისია ყველა მიმართულებით. არ გვყავს როგორც ბურღვის ოსტატები, ასევე ინჟენერ-გეოლოგები, პრობლემურია კვალიფიციური მუშების მოძიებაც კი.“ – აცხადებს კომპანია თბილინვესტპროექტის დირექტორი.
საინჟინრო გეოლოგიაში კადრების სიმცირის ერთ-ერთ მიზეზად თორნიკე ხევცურიანი ასახელებს იმას, რომ ეს პროფესია მხოლოდ ერთ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება.
„გეოლოგიის ფაკულტეტი ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, თუმცა საინჟინრო გეოლოგიას, მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიან. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვავითაროთ ეს სფერო, ამიტომ აგვყავს სტაჟიორები და საკუთარი ძალებით ვცდილობთ პროფესიონალების გაზრდას, თუმცა ცხადია ეს საკმარისი არაა.“ – განაცხადა თორნიკე ხევცურიანმა „კომერსანტთან საუბარში.
როგორც თბილინვესტპროექტის დირექტორი ამბობს, ინჟინერ-გეოლოგებისა და ბურღვის ოსტატების ანაზღაურება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია.
კომპანია „თბილინვესტპროექტი“ ქართულ ბაზარზე 25 წელია ოპერირებს, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულება.