სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, “მოსახლეობის გარკვეული ნაწილი” ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით “დაუზუსტებელ და არასწორ ინფორმაციას” ავრცელებს. სააგენტო ირწმუნება, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად“ მიჰყავთ.
“ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ” – ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, “ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს”, თუმცა, ეს არ ეხება ადგილებს, “რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში”.
სეს-ის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე. აღსანიშნავია, რომ კობახიძის განკარგულებით, აკრძალულია ძაღლების საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.
“სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით” – წერია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა “კომპლექსურ მიდგომას” ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან” – წერს სააგენტო.
ზუგდიდში აყვანილ ძაღლებს ჩაუტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები და დავაბრუნებთ უკან – სეს
რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია თბილისში, კანცელარიასთან 29 მარტს ჩატარდა. მოქალაქეები აპროტესტებენ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებას. კერძოდ, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.”
ცხოველთა მოყვარულები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას. აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ გადაყვანილ ცხოველებს თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.