ბელგრადში ანტი-სამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა

31 მარტს, სერბეთში, სადაც წელიწადზე მეტია ხელისუფლებასა და ანტისამთავრობო აქტივისტებს შორის დაძაბულობაა, ასობით სერბი სტუდენტი ბელგრადის უნივერსიტეტის ოფისების ჩხრეკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციას დაუპირისპირდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.
პოლიცია უნივერსიტეტს ჩხრეკდა მას შემდეგ, რაც 27 მარტს 25 წლის სტუდენტი გოგო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.
უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადან ჯოკიჩმა განაცხადა, რომ პოლიცია შენობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდა.
მან ჩხრეკას “პოლიტიკური ზეწოლის” ნაწილი უწოდა, იმ აკადემიკოსებზე, რომლებიც 2025 წლის განმავლობაში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციების წინა ხაზზე იდგნენ.
სერბეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები უნივერსიტეტის ჩხრეკისას სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებდნენ.
მისივე თქმით, ჩხრეკის დროს პოლიციამ აღმოაჩინა პიროტექნიკა, რაციები, აირწინაღები, ბანერები და პირველადი დახმარების საშუალებები.
სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტები 2024 წლის დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ჩამონგრეული სახურავის კონსტრუქციის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
გასულ წელს პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში უნივერსიტეტების შენობები დაიკავეს, მათ შორის ბელგრადის უნივერსიტეტის მთავარი ადმინისტრაციული შენობა.
მომიტინგეები პოპულისტ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩსა ადანაშაულებენ მასშტაბურ კორუფციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობაში და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში.