ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება”.
“დაინტერესებულ მოქალაქეებს, შეგიძლიათ შეუფერხებლად მიმართოთ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლოთ თქვენს მზრუნველობაში მყოფი ცხოველები. ამისათვის საჭიროა, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: [email protected]
განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემება”. – წერს უწყება.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
ცნობისთვის, რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია თბილისში, კანცელარიასთან 29 მარტს ჩატარდა. მომდევნო აქცია დაგეგმილია 4 აპრილს, ასევე მთავრობის კანცელარიასთან.
ზუგდიდში აყვანილ ძაღლებს ჩაუტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები და დავაბრუნებთ უკან – სეს
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
მოქალაქეები აპროტესტებენ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებას. კერძოდ, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.”
ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას. აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.