“ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს: ჩაატარეთ სტერილიზაცია/კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა” – 25.000-ზე მეტი მოქალაქე და 40-ზე მეტი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი განახლებადია.
“2025 წელს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონისა და 2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. განკარგულება მოიაზრებდა 9 000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან.
ათობით აქტივისტის ცნობით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა. მიმკედლებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.
სააგენტოს, ასევე, მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული (და შესაბამისად საჭდით მონიშნული) ცხოველები. შედეგად, იფლანგებოდა ბიუჯეტი, ცხოველები კი ტყუილად ხვდებოდნენ თავშესაფარსა და ტრანსპორტში, სადაც ადვილად ვრცელდება ვირუსები (განსაკუთებით ძაღლის ჭირი და ცოფი). ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება და უამრავ უცხო ცხოველთან დაყოვნება არის დამატებითი სტრესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას.
ახალი განკარგულებით (2026 წლის 25 თებერვლის N412 განკარგულება) 2026-ში 36 000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება იმავე ლოგისტიკური სქემით.
ახალი განკარგულების (N412) მიხედვით (მუხლი 3, პუნქტი 3) “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.“ ეს ჩანაწერი არა მხოლოდ ბუნდოვანია (არ არის დაკონკრეტებული, რა სიახლოვეზეა საუბარი), არამედ აზრს მოკლებულიც. თუ ძაღლს კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი.
რაც მთავარია, ვშიშობთ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის საფუძველზე კიდევ მეტი მიუსაფარი ცხოველი გაუჩინარდება.
ჩვენ, ცხოველმოყვარული აქტივისტები, მოქალაქეები და ორგანიზაციები, მივიჩნევთ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად. პრობლემის ჰუმანურად მოგვარება რამდენიმე წელშია შესაძლებელი მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით, გამრავლების შეზღუდვით და ა.შ. თუმცა ჩვენ მოვითხოვთ შემდეგ ცვლილებებს აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
“პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: ა) თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი” – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ხვალ, დილის 11:00 საათზე, ტერმინალის აბაშიძის ფილიალში (აბაშიძის ქ. #34) გაიმართება ბრიფინგი. ხოლო 4 აპრილს დაგეგმილია საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, “მოსახლეობის გარკვეული ნაწილი” ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით “დაუზუსტებელ და არასწორ ინფორმაციას” ავრცელებს. სააგენტო ირწმუნება, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად“ მიჰყავთ.
“ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ” – ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, “ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს”, თუმცა, ეს არ ეხება ადგილებს, “რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში”.
სეს-ის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება “უსაფრთხო ლოკაციებზე”. აღსანიშნავია, რომ კობახიძის განკარგულებით, აკრძალულია ძაღლების საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.
“სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით” – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გვიან ღამიდან გავრცელებულ ვიდეოს და ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, გორის თავშესაფრის კრემატორიუმში ძაღლებს წვავენ, სურსათის სააგენტოში “სრული აბსურდი” უწოდეს. ამასთან, სეს-ის მტკიცებით, შიდა ქართლში, მათ შორის გორში, “ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა” ჯერ არც დაუწყიათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რეფორმა “კომპლექსურ მიდგომას” ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან” – წერს სააგენტო.
ზუგდიდში აყვანილ ძაღლებს ჩაუტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები და დავაბრუნებთ უკან – სეს
რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია თბილისში, კანცელარიასთან 29 მარტს ჩატარდა. მოქალაქეები აპროტესტებენ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებებს. მათ შორის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.”
ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას. აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
დღესვე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“”ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.