სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო, რომებიცაა იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და “სიმართლეს არ შესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ”.
ამასთან ერთად, სეს-ის ცნობით, გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიის გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. ხოლო ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სააგენტო ტყუილს და “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას” უწოდებს.
“ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს.
აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო (იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შესაბამისად, სიმართლეს არ შესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით.
რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიულად შემოწმდა ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია”. – წერს სეს.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩილიგავა ამბობს, რომ “მნიშვნელოვანი საჭიროებაა კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან”. მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, “ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ”.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია თბილისში, კანცელარიასთან 29 მარტს ჩატარდა, მომდევნო 4 აპრილს არის დაგეგმილი. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას. აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“”ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.