სტრასბურგის გადაწყვეტილება 2027 წლამდე მოსალოდნელი არაა – ძამაშვილი FARA-ზე საჩივარზე

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი ე.წ. FARA-სთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის დაწყებას გამოეხმაურა. ძამაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 2027 წლამდე მოსალოდნელი არაა.
“ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფოს სტანდარტული ვადები ექნება – კერძოდ, სახელმწიფო ამ შეკითხვებს ივლისის ბოლომდე უპასუხებს, შემდეგ კი კითხვებს თავად მომჩივნები უპასუხებენ და ასევე, წლის ბოლოს, სახელმწიფოს საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მომდევნო წლამდე მოსალოდნელი არაა”. – თქვა ძამაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან” (FARA) დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო და მიუთითა, რომ მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს.
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ. “FARA-ს ანალოგი” კანონი, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი 2025 წლის აპრილში მიიღო.