ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცეს

ივანიშვილის პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე განბაჟების საფასური 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის – 4.5 ლარი იქნება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებას მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11 წავიდა.
დღევანდელ სხდომაზე გახარიას დეპუტატებმა წარმოადგინეს ალტერნატიული წინადადება, რომელიც 0-დან 10 წლამდე ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი აქციზის საფასურის უცვლელად დატოვებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელებას ითვალისწინებდა. ქართული ოცნების დეპუტატებმა აღნიშნული ალტერნატიული წინადადება ჩააგდეს. ალტერნატიულ პროექტს მხარი 17-მა პირმა დაუჭირა, ამდენივე წინააღმდეგი წავიდა, კვორუმი ვერ შედგა.
აქამდე მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.
ცვლილება 1 აპრილიდან შედის ძალაში – დარახველიძე მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე
ცნობისთვის, 12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
12 მარტს კი კობახიძემ თქვა, რომ 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყავნის აკრძალვას გააუქმებდნენ და ამის ნაცვლად, ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი – 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები 0-დან 6 წლამდე ავტომანქანების განბაჟებასაც შეეხება.