“ვერ დაასახელებთ ვერაფერს რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა, თუმცა თავს იწონებთ ეკონომიკური ზრდით, რომელიც რატომღაც მხოლოდ თქვენივე მაღალჩინოსნების ჯიბეებზე აისახება“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
- მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ გახდება ეროვნული ხელისუფლება, რადგან ეროვნულ ხელისუფლებას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის კეთილდღეობა აინტერესებს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო შუქრუთის მაღაროში გარდაცვლილი მეშახტის ჯეირან ასლანდიას ოჯახს და ყველა მაღაროელს. ამ ქვეყანაში რომ უბრალო მოქალაქეები თქვენთვის ღირებულებას არ წარმოადგენენ, ამას ყოველ დღე თავადაც გვახსენებთ. რამდენიმე კვირის წინ ბატონმა კობახიძემ დებატებზე მაღაროელებთან პირისპირ საუბარს ანომალია უწოდა.
მაღაროელები ამ ქვეყნის უჩინარი გმირები არიან, რომლებიც ოჯახებს უნარჩუნებენ ამ ქვეყანას საათობით მიწის ქვეშ ყოფნით, გაუსაძლის პირობებში და დამამცირებელი ხელფასით. თქვენ ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოიძულეთ, რომ ხმის ამოღება გაბედეს და პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს სამართლიანად. მათ არაერთხელ მოუწიათ საკუთარ ქვეყანაში პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის მიემართათ, 2024 წელს რამდენიმე მათგანი პირამოკერილი შიმშილობდა პარლამენტის შენობის წინ და ელოდა რომელიმე თქვენგანს ვინც მოუსმენდა, იმის ნაცვლად რომ მათი მოთხოვნები დაგეკმაყოფილებინათ მათი დევნა, შევიწროება და გაშავება დაიწყეთ. არათუ მოთხოვნების დაკმაყოფილება 2000 მეშახტე უხელფასოდ დატოვა თქვენმა დამფინანსებელმა, სამაგიეროდ „რუსთავი ორის“ დირექტორს ნახევარი მილიონი ლარი უსახსოვრა.
ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც დედებს ორჯერ მოუწიათ აქციების მოწყობა საკუთარი შვილებისთვის წამლის მოსაპოვებლად, გილოცავთ ჩვენს ქვეყანაში ეს უკვე ორჯერ მოხდა, ორჯერ გამოვიდნენ სასოწარკვეთილი დედები ქუჩაში, პირველად აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები, სულ ახლახან კი დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამლის მოსათხოვად. განა რა შეიძლება იყოს ბავშვზე და მათ ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ არა თქვენთვის, ამ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილობს, რადგან ბოლო 10 წელიწადში ამ ქვეყანაში არაფერი გაიაფებულა, პირიქით, გაძვირდა. გაძვირდა საკვები, წამალი, ექიმთან ვიზიტი, თქვენ გუშინ დენი გააძვირეთ 30% ით, გაძვირდა გაზიც და წყალიც; აქვე შეგახსენებთ რომ გაზი, წყალი და დენი ამ ქვეყნის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიეწოდება. გაძვირდა საწვავი, გაძვირდა პირველადი მოხმარების ნივთები. ვერ დაასახელებთ ვერაფერს რაც ამ ქვეყანაში გაიაფდა, გარდა ნარკოტიკისა, თუმცა თავს იწონებთ ეკონომიკური ზრდით, რომელიც რატომღაც მხოლოდ თქვენივე მაღალჩინოსნების ჯიბეებზე აისახება.
მაღალჩინოსნებმა ახლა გადაწყვიტეთ რომ ავტომობილით გადაადგილების პრივილეგიაც მხოლოდ თქვენ გაქვთ და მოქალაქეებს არარსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასვლას სთხოვთ, თან ეკოლოგიის სახელით, მაშინ როცა ყველაზე მომწამვლელი გამონაბოლქვი სწორედ იმ ქარხნებიდან მოდის, თქვენ რომ გეკუთვნით, აქვე მინდა შეგახსენოთ რომ წლების მანძილზე ჯარს და პოლიციას ჭიან საჭმელს აძლევდით.
ამ ქვეყანას ჰყავს ეკომიგრანტები რომლებიც უკვე წლებია საკუთარ სამშობლოში იძულებით დევნილობაში ცხოვრობენ, არც ცხოვრებამ დაინდო და არც თქვენ, ასე დევნილობაში გალიეს ცხოვრება, ეკომიგრაცია არჩევანი არ არის ტრაგედიაა და ვერასდროს დადგა დრო რომ ეროვნულ პრიორიტეტად ქცეულიყვნენ ქართული ოჯახები, რათა კვლავ გაიდგან ფესვები და საკუთარ ქვეყანაში ფუძე გააჩნდეთ. თქვენ შექმენით ქვეყანა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა სამინისტროსთან თავი დაიწვა, რათა კუთვნილი საცხოვრებელი მიეღო, თუმცა არაბებს საუკეთესო მიწებს ჩუქნით.
ხომ დაასრულა პროდუქტების ფასებზე კომისიამ მუშაობა. რა შედეგი დადეთ? ის, რომ დღეს უფრო ძვირია ყველაფერი, ვიდრე 3 თვის წინ. ახლა წამლების ჯერია, ამ ქვეყანაში ავად გახდომა ყველაზე დიდ სასჯელად იქცა, ახალგაზრდისთვისაც და პენსიონერისთვისაც. დღეიდან ღარიბების ყოფა კიდევ უფრო დამძიმდება რადგან ელ-ენერგიის საფასურიც 30 % ით გაუძვირეთ, თუმცა 60 -მდე ჰესი ააშენეთ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესმენებისთვის.
რამდენიც არ უნდა იძახოთ, ვერ გახდებით ეროვნული ხელისუფლება, რადგან ეროვნულ ხელისუფლებას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის კეთილდღეობა აინტერესებს განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, თქვენ ამ ქვეყნის ახალგაზრდები ციხეში გამოკეტეთ თქვენი კომპლექსების დასამალად. სტუდენტებს დაუნგრიეთ ცხოვრება, საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად იკადრეთ და ტერორისტები შეარქვით საკუთარ ახალგაზრდობას.
სირცხვილია, როდესაც თქვენ ეროვნულობაზე საუბრობთ. თქვენ ააშენეთ ეს კედელი, რომლის ერთ მხარეს თქვენი მოპარული ფული და ეკონომიკური ციფრებია, მეორე მხარეს კი, მაღაროელის პროტესტი, შვილის წამლისთვის ქუჩაში გამოსული დედები და თაობა, რომელსაც ქვეყნიდან წასვლის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვეთ. თქვენ გძულთ ღარიბები, რადგან ღარიბი ხალხი სამხილია თქვენი კორუფციის და უნიათობის“, – მიმართა ფილფანმა „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს.




