პარტია გახარია-საქართველოსთვის ელექტროენერგიის გაძვირებას გამოეხმაურა. განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ქეთევან ბაკარაძემ გააკეთა.
“დენის ტარიფის ერთბაშად 30%-ით გაძვირება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის ჯიბეს. ეს გადაწყვეტილება აძვირებს არამხოლოდ ელექტროენერგიის საფასურს, არამედ ავტომატურად აძვირებს ყველაფერს: პროდუქტს, მომსახურებას და ყოველდღიურ ცხოვრებას. ქართული ოცნების განახლებული სოციალური პოლიტიკა ასეთია: პროდუქტი გაძვირდა, დენი გაძვირდა, წყალი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა. გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად გაზრდილი ელექტრომოხმარება დაასახელეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია: საქართველოში არც ახალი მსხვილი საწარმოები გახსნილა და არც მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილა, პირიქით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. ამ ფონზე ლოგიკურად ჩნდება კითხვა – რა იწვევს მოხმარების ზრდას? ერთ-ერთი პასუხი არის კრიპტომაინინგი და ის ბიტკოინები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება. შედეგად, მათი მილიარდების ფასს ქართული ოცნება საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე იხდის: პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, სტუდენტებისა და მცირე ბიზნესების ხარჯზე. იმ ადამიანების, რომლებსაც ისედაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი.
ერთადერთი რისი შეთავაზებაც ქართულ ოცნებას მოსახლეობისთვის ახლაც და მომავალშიც შეუძლია, არის გაძვირებული ცხოვრების უფრო და უფრო გართულება, იზოლაცია და გადარჩენისთვის უმძიმეს პირობებში ბრძოლა. გასაგებია, რომ ქართულ ოცნებას ფასებისა და ტარიფების შემცირების არანაირი რესურსი არ აქვს. პირიქით, მათ პირობებში ყველაფერი იზრდება. ამიტომაც მოვუწოდებთ ოცნებას, ოდნავ მაინც რომ შეამსუბუქოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, გააკეთეთ ის, რისი რესურსიც რეალურად გაგაჩნიათ, გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები. არ შეიძლება, დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქე იყოს იაფი მუშა ხელი”. – თქვა გახარიას პარტიის წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ.
ცნობისთვის, 1 აპრილიდან თბილისში დენის ფასი 5 თეთრით, საქართველოს რეგიონებში კი 5-დან 6 თეთრამდე გაძვირდება.
სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფით:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი 5 თეთრით, 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) 5 თეთრით, 24.953 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 26%;
301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით, 28.537 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 21%;
3.3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით, 31.647 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 19%;
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) ტარიფი 5.329 თეთრით 35.261 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 18%;