აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლოა, კვერცხი გაძვირდეს, ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ბიზნესპრესნიუსთან ისაუბრა.
უჩუმბეგაშვილმა ყურადღება გაამახვილა საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე, რაც მისი თქმით, უარყოფით გავლენას მოახდენს მათზეც.
თბილისსა და რეგიონებში დენის ფასი 5 თეთრით გაიზრდება
“ტარიფების ზრდა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენზეც. ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად მოვიხმართ. მოგეხსენებათ, ქათამს სჭირდება საკვები, რომელის მომზადებაც ადგილზე ხდება. ძირითადად, ეს მოიცავს ხორბლის, სიმინდისა და მარცვლეულის დაფქვას. ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის გამოყენება საკმაოდ ინტენსიურია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასში ისახება.
ჯერ ზუსტი დათვლები არ გაგვიკეთებია. მხოლოდ ელექტროენერგიის ფაქტორი არ მუშაობს, ხედავთ, საწვავიც როგორ გაძვირდა. ერთიანად მოხდება ამ ხარჯების დათვლა. პირობა გვაქვს მიცემული, რომ ფასს აღდგომის ჩათვლით არ გავზრდით. ჩვეულებრივ, როგორც იყო დაგეგმილი, აქციებიც გაგრძელდება.” – განაცხადა მან.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ინტერვიუში თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა გაძვირება მოსალოდნელია, ვინაიდან თვითღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტი ძვირდება.
“ვნახოთ, შევხედოთ მოცემულობას. თუმცა, გაძვირება ნამდვილად მოსალოდნელია. ხედავთ, რამდენით მოიმატა საწვავისა და დისტრიბუციის ხარჯებმა. საკმაოდ სერიოზულია ელექტროენერგიის ფასის მატებასაც. ამასთან, ძალიან გაჭირდა და რახან გაჭირდა, შესაბამისად, გაძვირდა კიდეც ქვეყანაში სიმინდის შემოტანა.” – თქვა უჩუმბეგაშვილმა.
ბიზნესპრესნიუსის ჩაკითხვაზე – მოხდება თუ არა კვერცხზე ფასის ზრდა თებერვალში გაიაფებულ 5%-ზე მეტად? ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შესაძლოა ზრდა უფრო მეტიც იყოს.
“თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, მგონი, ცოტა უფრო მეტითაც (5%-ზე მეტი) მოგვიწევს. არავის არ უნდა ფასის მატება, მაგრამ გააჩნია, რა მოცემულობა დაგვიდგება. რა ფასები იქნება მარცვლეულზე და როგორი იქნება საწვავის ღირებულება. ელექტროენერგიის ტარიფი კი ვიცით, რომ არ შეიცვლება. შესაბამისად, წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია.” – განმარტა მან.
ცნობისთვის, სემეკის გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, 1 აპრილიდან თბილისში დენის ფასი 5 თეთრით, საქართველოს რეგიონებში კი 5-დან 6 თეთრამდე გაძვირდება.