ბიზნესის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო პროდუქციის გაძვირება მოუწიოს.
როგორც BMG-სთან პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, მათი წარმოებაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ელექტროენერგიას, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებული.
ალექსანდრე რატიშვილის თქმით, კომპანიებმა უნდა გადათვალონ, რამდენით გაეზრდებათ დენის გაძვირების შედეგად ხარჯები და ინდივიდუალურად გადაწყვიტონ, მოუწევთ თუ არა პროდუქციის გაძვირება.
“ჩვენ გახლავართ პურ-ფუნთუშეულის საცხობი და როდესაც პროდუქციას ვაწარმოებთ, ძირითადი ენერგომომხმარებლები ჩვენი ღუმელებია და ისინი უმეტესად გაზზე გვაქვს.
ჩვენთვისაც ძალიან სერიოზული კომპონენტია, რა თქმა უნდა, ელექტროენერგია, მაგრამ ძირითადი ენერგომომხმარებლები ჩვენთან არის საცხობი ღუმელები. ამიტომ როგორ აისახება ეს [დენის გაძვირება] და რა ზემოქმედებას მოახდენს ზოგადად ჩვენს კალკულაციებზე, ამას დრო დასჭირდება. შევხედავთ, 1-2 თვე გავა, დავითვლით და თუ სხვა გზა არ იქნა, რა თქმა უნდა, ზარალზე ვერცერთი კომპანია ვერ წავა და მოგვიწევს გარკვეული კორექტირება ფასის გაზრდის თვალსაზრისით.
მაგრამ ვინ როდის გააძვირებს და გააძვირებს თუ არა საერთოდ [პროდუქციას], ამას მე ვერ გეტყვით. კომპანიებისთვის დენის ტარიფი 4-დან 6 თეთრამდე იზრდება. ვიღაც, ვინც მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული და ძალიან სერიოზული მოხმარება აქვს დენის, ეს 4 თეთრი თვიურ ჭრილში შეიძლება ძალიან დიდი თანხა იყოს. ვიღაცას, ვისთვისაც ძირითადი ენერგორესურსი გაზია, შეიძლება იმაზე ასე მკაფიოდ არ აისახოს. ასახვა ყველა შემთხვევაში მოხდება, მაგრამ ვისზე როგორ აისახება, ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ამა თუ იმ წარმოების სპეციფიკაზე”, – განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.
ცნობისთვის, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდება ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით იზრდება, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით.




