სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას შეფასებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “დაბალანსებული გადაწყვეტილება” მიიღო. მისი თქმით, დენის ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი არის “გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები, ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება, მთელი რიგი, შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში”.
1 აპრილიდან თბილისში დენის ფასი 5 თეთრით, საქართველოს რეგიონებში კი 5-დან 6 თეთრამდე გაძვირდება. გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ, 30 მარტის სხდომაზე მიიღო.
“გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნა დაკორექტირებული და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა დიდი ზეგავლენა.
თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი,ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები, სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დღეს დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში”, – თქვა ნარმანიამ რუსთავი ორის ცნობით.
სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფით:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი 5 თეთრით, 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) 5 თეთრით, 24.953 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 26%;
301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი 5 თეთრით, 28.537 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 21%;
3.3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით, 31.647 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 19%;
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) ტარიფი 5.329 თეთრით, 35.261 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 18%;
რეგიონებში მათთვის, ვინც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე გაიზრდება, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.