ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

“ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა” – ასე ეხმაურება დროას ლიდერი ელენე ხოშტარია NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშს.
“წლები დასჭირდა “ასპირანტის” სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო.
დღევანდელი ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.
პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ნატოს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა; PFP – Partnership For Pace ერქვა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.
საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე) ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვიათრების გათვალისწინებით.
ალიანსმა ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.
ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე.” – წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, 26 მარტს ნატოს გენერალურმა დირექტრმა მარკ რუტემ ნატოს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი საქართველოზეცაა.
“მოკავშირეებმა ასევე გადახედეს NATO-ს თანამშრომლობას საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების და მათი შედეგების გათვალისწინებით. შედეგად, გადაიხედა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი მიმართულება და ხელახლა განისაზღვრა პრიორიტეტები, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გარკვეული ასპექტებთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა და ეს მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წარმატებული წვრთნებით აღინიშნა. NATO-ს სამოკავშირეო ოფისმა თბილისში გააგრძელა აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორთან.” – ნათქვამია ანგარიშში.
რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ გზას, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა
“რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.” – ასე უპასუხა რუტემ 2025 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ შესულ ჩანაწერზე ევროსკოპის მიერ დასმულ შეკითხვას.