ზუგდიდში აყვანილ ძაღლებს ჩაუტარდებათ სამედიცინო მანიპულაციები და დავაბრუნებთ უკან – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ.
“ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს. ცხოველები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული მანიპულაციები – ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია-სტერილიზაცია. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველებს ეკიპაჟები ისევ ქალაქ ზუგდიდში დააბრუნებენ.” – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს დილით ზუგდიდელმა აქტივისტმა, სალომე ფარცვანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო და დაწერა, რომ ქალაქის ცენტრიდან წაიყვანეს სტერილიზებული და აცრილი ძაღლები.
დილით დამირეკა ადგილობრივმა მოყვარულმა, მითხრა რომ ზუგდიდის ცენტრში დადის მანქანა. გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები. ახალგაზრდა კაცმა მიჯიკავა, იქცეოდნენ აგრესიულად, აგდებულად. იქვე იყვნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლები და მერის მოადგილე – არავინ არ გაანძრია ხელი, ვეხვეწებოდი დახმარებას. მარშრუტკას, სადაც შეყრილი იყო ძაღლები, მოყვებოდა მეორე მანქანაც, იქ მჯდომმა ახალგაზრდა ქალმა ქუთაისში მიგვყავსო, როდის დავაბრუნებთ არ ვიცით – “ბუნებაში გავუშვებთო!” – დაწერა Facebook გვერდზე.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია კანცელარიასთან 29 მარტს ჩატარდა. მოქალაქეები აპროტესტებენ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებას. კერძოდ, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.”
ცხოველთა მოყვარულები ფიქრობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
შემდეგი აქცია 4 აპრილს გაიმართება.