იქნება უკეთესი ელექტრომომარაგება, აღარ იქნება ხშირი წყვეტები – სემეკი დენის ფასის ზრდაზე

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის – საშუალოდ 4-6 თეთრით გაიზარდა.
სემეკის განცხადებით, ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ.
“ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.
ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად – მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს” – ნათქვამია განცხადებაში.
სემეკის ცნობით, სს ენერგო პრო ჯორჯია 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს – ჯამურად, 1 მილიარდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.
სემეკის განცხადებითვე, თელასის მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.
“ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.
ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს სხვადასხვა ენერგოპროექტები.
ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.
მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია” – აცხადებს სემეკ-ი.
თელმიკო
საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):
10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;
0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 24.053 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):
110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 31.976 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.
სს “ეპ ჯორჯია მიწოდება“
საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):
10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ;
0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):
110–35 კვ. _ 30.322 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.