ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი.

წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო.

მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს  იჯარის წესით აქვს გადაცემული.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კომპანია რესტორნის შენობის რეკოსტრუქციას ახორციელებს და მიუხედავად იმისა რომ სანაპიროზე, მასშტაბურ ბეტონის ნაგებობას კანონი კრძალავს და ბულვარის გენგეგმასაც ეწინააღმდეგება, კომპანიამ შენობის მანამდე არსებული მასშტაბი ბევრად გაზარდა.

გარდა ამისა, ბათუმის საკრებულომ დღეს უნდა იმსჯელოს სანაპიროზე, „სან-რემოს“ მფლობელი კომპანიისთვის საიჯარი ხელშეკრულების შეცვლაზე. საკრებულოს განკარგულების პროექტით კომპანიას საიჯარო ხელშეკრულება ნაწილობრივ აღნაგობის ხელშეკრულებით უნდა შეუცვალონ.

„სან რემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, და ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. ამ კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა და კომპანიას დღემდე თავად ფლობს. ბათუმის მუნიციპალიტეტმა კომპანიას ქონება 49-წლიანი იჯარით 2018 წლის მაისში გადასცა.

გარდა ამისა, მერიას კომპანიის მფლობელის მოთხოვნით ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე ცვლილება შეაქვს, რომლის მიხედვითაც შპს „ხიდი 2006“-მა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს. შესაბამისი ნებართვის მიღება კი 3 თვის ვადაში უნდა შეძლოს [ამ ნებართვას ისევ მერია გასცემს].

როცა „სან-რემოს“ ყოფილი შენობა დაანგრიეს და ახლის მშენებლობას იწყებდნენ, ტერიტორიაზე განთავსებული იყო საინფორმაციო დაფა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას 2023 წლის სექტემბერში ჰქონდა გაცემული. მშენებლობა 2025 წლის აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო.

განკარგულების პროექტის მიხედვით აღნაგობის უფლების მქონე პირი, შპს „ხიდი 2006“ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტიის  განხორციელების ვალდებულება აიღებს, აღანაგობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, აღნაგობის წლიური საფასური კი წლის განმავლობაში 100 000 ლარი იქნება. შენობის მიმდებარედ კომპანიის სარგებლობაში არსებული პლაჟის წლიური საიჯარო საფასური კი – 57 705 ლარი.

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადება ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ვრცლად