რუსეთში ინტერნეტის შეფერხების ფონზე როსტელეკომი ხალხს სახლის ტელეფონებზე დაბრუნებას ურჩევს

პუტინი ლაპარაკობს ტელეფონზე, საილუსტრაციო ფოტო.კრემლირუსეთის ტელეკომუნიკაციების კომპანიის (როსტელეკომის) პრეზიდენტმა, მიხაილ ოსეევსკიმ, რუსეთში ინტერნეტის შეფერხებით მუშაობის ფონზე, მოსახლეობას სტაციონარულ ტელეფონებზე დაბრუნება ურჩია.
26 მარტს ოსეევსკიმ თქვა, რომ რუსეთში სტაციონარულ ტელეფონებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ყველაფერი რუსეთში ინტერნეტის შეფერხებით მუშაობის ფონზე ხდება. პრობლემა 2025 წლის მაისიდან არსებობს, თუმცა ის მოსკოვს 2026 წლის მარტში შეეხო. 3 კვირის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მობილური ინტერნეტი არ მუშაობდა, ზოგჯერ ითიშებოდა სატელეფონო სიგნალიც.
ოსეევსკის თქმით, ახლა “მრავალ პატივსაცემ ადამიანს” სურს, რომ სახლში კომუნიკაციის საიმედო საშუალება ჰქონდეთ. როსტელეკომის ხელმძღვანელს არ დაუსახელებია მოთხოვნის ზრდის ზუსტი რიცხვი. დამოუკიდებელ რუსულ მედიას მის სიტყვებში ეჭვი შეაქვს და წერენ, რომ სახლის ტელეფონებზე მოთხოვნა მართლაც გაზრდილია, თუმცა არა მნიშვნელოვნად.
“ეს არის [კავშირის] გარანტირებული საშუალება. მე ყველას ვურჩევ დაუბრუნდეს სტაიონარულ ტელეფონს. როგორც ცეცხლმაქრი, ეს ყველა სახლში უნდა იყოს.” – თქვა ოსეევსკიმ.
მოსკოვში ინტერნეტის მუშაობა სრულფასოვნად ოსეევსკის სიტყვებამდე რამდენიმე დღით ადრე აღდგა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ინტერნეტის მუშაობას თავად ხელისუფლება აფერხებს და იგეგმება ახალი შეზღუდვების დაწესება.