აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოOliver Contreras/Sipa/Bloombergაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ “ტყუილი” უწოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.
რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია უკრაინისგან, რომ კიევი აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უკრაინა რუსეთს დონბასის რეგიონს დაუთმობს.
“ეს სიცრუეა. ვნახე, რომ მან ეს თქვა, რაც სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს არ არის სიმართლე.” – განუცხადა რუბიომ “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტს, ალექს რაუფოღლუს.
“მისთვის ეს არ უთქვამთ. რაც ვუთხარით ძალიან აშკარა რამაა: უსაფრთხოების გარანტიები ძალაში ომის დასრულებამდე ვერ შევა, რადგან სხვაგვარად შენ ომში ერთვები. რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტია? ეს ნიშნავს სამხედროებს, რომლებიც მზად არიან ჩაერიონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუ ამას ახლავე აამოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ შენს თავს ომში რთავ.” – განმარტა მან.
რუბიოს მიხედვით, ზელენსკის უთხრეს, რომ “უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ხდება, მაგრამ ეს არ იყო მიბმული ტერიტორიის დათმობაზე.”
მანამდე ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვის დონბასის რეგიონის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.
აშშ-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა – ზელენსკი
“ამერიკელები მზად არიან ამ გარანტიების მაღალ დონეზე გაფორმებისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინა დონბასიდან გასვლისთვის მზად იქნება” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი დაასუსტებს როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას, რადგან რეგიონში არსებული ძლიერი თავდაცვითი პოზიციები რუსეთს გადაეცემა.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის ცნობით, აშშ-მ უკრაინულ მხარეს მხოლოდ ის უთხრა, რომ რუსეთი დონბასიდან უკრაინული ძალების გასვლას მოითხოვს, რასაც, რუბიოს თქმით, “აშშ მხარს არ უჭერს”.
“ჩვენ ავუხსენით, რომ არჩევანი მათზეა. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათთვის, ამაზე დაგვთანხმდით ან სხვანაირად არ იქნებაო… საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება უკრაინაზეა დამოკიდებული, თუ მათ არ უნდათ გარკვეულ დათმობებზე წასვლა, მაშინ ომი გაგრძელდება.” – ამბობს რუბიო.