ოცნების პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბოდიში მოიხადა თავის გადაცემაში წმიდა სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო და განმარტა, რომ “ნერვებმა ვეღარ გაუძლო”
“უცნობმა” ასევე განაცხადა, რომ მოწიწებით იხსენიებს ყველა მეუფეს და არ აქვს უფლება მათ ნებაში ჩაერიოს.
“სიმართლე გითხრათ, მე არც ვაპირებდი ამ თემებში ჩართვას ასე საჯაროდ, რომ არ ყოფილიყო პირველივე დღეებში მოწოდებები, პოლიტიკური განცხადებები და ასე შემდეგ. ნერვებმა ვეღარ გამიძლო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ თქვენც, მაყურებელსაც. ვეღარ გამიძლო ნერვებმა იმიტომ, რომ არ მოველოდი ამას, ასე უცბად, უწმინდესი არც იყო დაკრძალული ჯერ, რომ ეს ლაპარაკები ტელევიზიიდან გავიგონე და ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეც ამ თემებზე მელაპარაკა.
მოწიწებით მინდა მოვიხსენიო ყველა მეუფე და რა თქმა უნდა, მე მათ ნებაში ვერ ჩავერევი. მეც და ჩვენც, რასაც მე უწმინდესის გვარდიას ვუწოდებ, იმ ადამიანებს, ვინც დიდი ტკივილით დაიტირა უწმინდესი, ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის, მოსაზრება გამეჟღერებინა და რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც არ მომიწონა ეს ამბავი და ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები არიან.
პირველ რიგში, მეუფე ესაიას მინდა დიდი მოკრძალებით მოვიხადო ბოდიში მის წინაშე იმიტომ, რომ ჩემი გამონათქვამების შემდეგ, ეს გიენები, ჟურნალისტებს რასაც ვეძახით, მიესივნენ და ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ასეთი ამბები გამოვიწვიე, მაგრამ ღმერთმა იცის მე ტყუილი არაფერი არ მითქვამს, არ დავასახელებ მოღვაწეს, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა ბოდიშს მოგიხდით ყველას იმიტომ, რომ მე ჩემი ემოციები მაქვს, ჩემი ცხოვრება. რაღაცნაირად ვუფრთხილდები იმას, რომ ისე წავმართო სიტუაცია, როგორც აქამდე მიცხოვრია, ჩემი სიმართლით, რასაც ჩემი გული მკარნახობს, იმას ვაკეთებ.” – თქვა გია გაჩეჩილაძემ უცნობის კიდობანში.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, გაჩეჩილაძემ (უცნობი) გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.
“ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [მოსაყდრე] შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები” – თქვა მან.
მოგვიანებით, მეუფე ისაიამ ინტერპრესნიუსს განუცხადა – “ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ… დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება.”




