ამერიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, რომლის მიწვევითაც “ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგაციამ მარტის დასაწყისში აშშ-ში ვიზიტი გამართა, ამჯერად ვაშინგტონში რუსეთის სახელმწიფო დუმის სანქცირებულ დეპუტატებს უმასპინძლა.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხ გავლენიან დეპუტატს აშშ-ში გამგზავრების ნება დართეს მათ წინააღმდეგ არსებული სანქციების მიუხედავად.
გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით არაერთი ბრალდების გამო აშშ-ს ვიზის მოპოვება ვერ შეძლო.
ვაშინგტონში ჩასული დელეგაცია მოიცავდა ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილს, ვიაჩესლავ ნიკონოვს, ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონს, სვეტლანა ჟუროვასა და დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრს, ალექსანდრ ჩერნიშოვს. სამივე მათგანი ყირიმზე რუსული ოკუპაციის მხარდაჭერისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში ნათამაშები როლის გამოა სანქცირებული.
კონგრესმენმა ლუნამ იანვარში განაცხადა, რომ მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან ნებართვა მიიღო ოთხი რუსი დეპუტატის ვიზიტთან დაკავშირებით, რათა კონგრესის წევრებთან უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განხილულიყო.
ცნობისთვის, კონგრესმენი ლუნა, რომელმაც მანამდე ივანიშვილის დეპუტატები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა – აშშ-ში 4-5 მარტს გამართულ ღონისძიებაზე მიიწვია, იზოლაციონისტური პოზიციებით გამოირჩევა, რის ფარგლებშიც ის ემხრობა NATO-დან აშშ-ს გამოსვლას, ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარებას და მხარს უჭერს რუსეთსა და აშშ-ს შორის “სამშვიდობო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას”.
2023 წელს პაულინა იმ 11 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის იყო, რომლებმაც “უკრაინით დაღლილობის რეზოლუცია” წარადგინეს და ბაიდენის ადმინისტრაციას კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ პაულინა მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას.
2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი ლუნა პუტინის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევსაც შეხვდა, რის შემდეგაც მან X-ზე დაწერა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის “სამშვიდობო და სავაჭრო ურთიერთობისა და დიალოგის განვითარება” სურს.
“არ არის აუცილებელი, რომ ჩვენი ორი ქვეყანა ერთმანეთის მტრები იყვნენ. სავაჭრო მოკავშირეობა ყველასთვის სასარგებლოა.” – წერდა კონგრესმენი ლუნა.
დეკემბერში მან დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი წევრი აშშ-ს კონგრესის წევრებთან შესახვედრად ვაშინგტონში ოფიციალურად მიიწვია.
ამასთან, კონგრესმენი ლუნას მიწვევით შობის დღესასწაულთან დაკავშირებით კაპიტოლიუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრ დარჩიევი, რის შესახებაც ინფორმაცია რუსეთის საელჩომ X-ზე გაავრცელა.
უკრაინაზე საუბრისას კონგრესმენი ლუნა ხშირად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებსაც, თითქოს “ზელენსკიმ არჩევნები გააუქმა” და რომ უკრაინა ამერიკულ შეიარაღებას “შავ ბაზარზე ყიდის”.
ცნობისთვის, უკრაინის კანონმდებლობისა და ლოჯისტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, უკრაინაში არჩევნების ჩატარება რუსული აგრესიის გამო ვერ ხერხდება. ამასთანავე, GI-TOC-ის ანგარიშის მიხედვით, უსაფუძვლოა განცხადებები, რომ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება შავ ბაზარზე ხვდება. ხოლო BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიებების შედეგად დადგინდა, რომ ინტერნეტში გავრცელებული სურათები, რომ თითქოს Javelin-ის ტიპის რაკეტები შავ ბაზარზე იყიდება, ძველი ან სულაც გაყალბებული იყო, უშუალოდ ნარატივის სათავე კი რუსული პროპაგანდაა.
კონგრესმენმა პაულინამ ზელენსკის მთავრობა “ქრისტიანების დევნაშიც” დაადანაშაულა, რის პასუხადაც აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ ლუნას განცხადებებს რეალობისგან მოწყვეტილი და რუსული პროპაგანდა უწოდა.
ამავდროულად, გასული წლის მარტში პაულინამ X-ზე ისიც დაწერა, რომ NATO-დან აშშ-ს გასვლის დრო იყო მას შემდეგ, რაც მსგავსი განცხადება ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმაც გააკეთა.


