ბაღების მშენებლობის ტენდერებიდან თითქმის ₾5 მლნ მიითვისეს – POG-მა 9 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1 550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს, მათ შორის დააკავეს 4 პირი.
გამოძიების თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს მშენჯგუფს შორის 2023-2025 წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის 9 ტენდერი გაფრომდა. კომპანიას სამუშაოებისთვის 18.6 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხა, საიდანაც თითქმის 5 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა.
პროკურატურის თანახმად, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სამშენებლო კომპანია შპს მშენჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1 550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს მშენჯგუფს საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. იმავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა, სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში, აღნიშნული ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა კერძო საექსპერტო კომპანიას, რომელიც ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი კომპანიის თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ შპს „მშენჯგუფის“ მმართველის თხოვნით მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდება წარედგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, 2025 წლის 30 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ლაგი კაპიტალთან დაკავშირებული 2 პირი დააკავა, რომლებმაც 2023 წელს ბაღებისა და სკოლების სარეაბილიტაციო/სამშენებლო ტენდერებით, სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს.
ასევე დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ უფროსი, დავით ტაბიძე, რომელსაც 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი და “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელები დააკავეს
ცნობისთვის, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 27 ოქტომბერს დააკავეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი და “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელები დააკავეს
პროკურატურის ინფორმაციით, ტაბიძისთვის ცნობილი იყო, რომ “ლაგი კაპიტალი ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა,” თუმცა ამის მიუხედავად, ტაბიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს, ეტაპობრივად, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა.
ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს, ხოლო შედეგად 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.
დაეუფლნენ 9 365 000 ლარს, 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა – დავით ტაბიძეს ბრალი წარედგინა