შარშანდელ, სხვა საქმესთან დაკავშირებით ელისაშვილისგან სუნის ნიმუში აიღეს – ადვოკატები

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურიდან აცნობეს, რომ 2025 წლის მაისიდან, სასამართლოს არქივის შენობის დაწვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს , რომლის ფარგლებშიც, ელისაშვილისგან სუნის ნიმუშის აღება მოითხოვეს.
ადვოკატების თქმით, პროკურატურა ეჭვების გაჩენას ცდილობს, რომ თითქოს, ელისაშვილის მიმართ კითხვის ნიშნები სხვა საქმეებზეც არსებობს.
“თბილისის პროკურატურიდან დაგვიკავშირდნენ და გამომძიებელმა გვაცნობა, რომ 2025 წლის მაისიდან სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ, რა დროსაც უცნობმა პირმა სასამართლოს არქივის შენობას ცეცხლი წაუკიდა და თურმე, საქმეების გარკვეული ნაწილი დაიწვა კიდეც – სწორედ ამ საქმეზე ითხოვეს, რომ პოლიციის პატაკის შესაბამისად, ეჭვი ჰქონდათ და სჭირდებოდათ, რომ ალეკო ელისაშვილისგან სუნის ნიმუში აეღოთ […] ჩვენი მხრიდან, გამოძიების მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და ამ ნიმუშის აღება, რაც მათ სურდათ, ნებაყოფლობით მოხდა […] ელისაშვილს შესაბამისი კვლევის ნიმუშის აღება გუშინ, 26 მარტს ჩაუტარდა.
ალეკო ელისაშვილის დემონიზაციის პროცესი გრძელდება. მოიფიქრეს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმე შეიკეროს, რომელსაც მას დაუკავშირებენ. პროკურატურა ცდილობს, ეჭვები გააჩინოს, თითქოს, მის მიმართ კითხვის ნიშნები სხვა საქმეებშიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება არა ტერორიზმის, არამედ ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს”. – თქვეს ელისაშვილის ადვოკატებმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა და გიორგი რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ
შეგახსენებთ, რომ პარტია მოქალაქეების ლიდერი, 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.
მას პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებულ ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა