ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე POG-მა არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დააკავეს.
დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – წერია განცხადებაში.
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს – დანაშაულის შეუტყობინებლობას.
“დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა” – წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
4 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში.
16 მარტს, პროკურორმა განაცხადა, რომ ავალიანის საქმეზე მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.