ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გასაპროტესტებლად, კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რითაც კინემატოგრაფისტებმა ეროვნული კინოცენტრის მიერ “საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა” გააპროტესტეს. საქმე ეხება კინოცენტრის მხრიდან, ბერლინის საერთაშორისო კიმოფესტივალზე 32-კაციანი დელეგაციის გაგზავნას.
“ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ. სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო”, – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
მანამდე, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა ბაჩო ოდიშარიამ გამოაქვეყნა ფეისბუქპოსტი, რითაც ბერლინალეს კინოფესტივალზე 32-კაციანი დელეგაციის გამგზავრებას გამოეხმაურა. ოდიშარია წერს, რომ “ყველანაირი ისტერია” “მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია”.
“აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავისი საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია კინოცენტრი ზრუნავს რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე”, – წერს ოდიშარია.
გუშინ, 30 იანვარს გამოცემა “პუბლიკამ” გამოაქვეყნა ბერლინალეზე კინოცენტრის წარმომადგენლების სია – დელეგაციაშია პროსახელისუფლებო არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.
გამოცემის ცნობითვე, გური სულთანიშვილს კინოცენტრი ბერლინალეზე გზავნის, როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს