მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მსხვილ სსიპ-ებს, რომელთაც საკუთარი შემოსავლები აქვთ, ბიუჯეტში გასულ წელს მიღებული შემოსავლების ჩარიცხვა დაავალა. 110 მილიონი ლარი შსს-ს მომსახურების სააგენტომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ. ამჟამად შესაბამისი ფინანსური სახსრები ამ ორგანიზაციებს სარგებლიან სადეპოზიტო ანგარიშებზე აქვთ განთავსებული.
გადასარიცხი თანხების გრაფიკი ასე ნაწილდება:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი;
- შემოსავლების სამსახურმა კი – 50 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 20 მილიონი ლარი.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კონკრეტული სერვისების გაწევიდან დამოუკიდებელი შემოსავლები გააჩნიათ. ეს ორგანიზაციები მიღებულ შემოსავლებს კომერციული ბანკების სარგებლიან ანგარიშებზე ათავსებენ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად კი, მას შემდგომ ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართავენ.
2025 წელს შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემოსულობები 200 მილიონ ლარს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსულობები 284 მილიონ ლარს შეადგენდა.




