მაქსიმუმ 5-6 მივდიოდით ბერლინალზე და არა 32 – კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი

“ფრანგულ კინოცენტრს 808 მილიონი აქვს ბიუჯეტი და 8 ადამიანი მიდის, რადგან მეტი არ არის საჭირო. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა იქ, 3-4 ადამიანიც საკმარისია ხოლმე, ჩვენ მაქსიმუმ 5-6 მივდიოდით”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დავით ვაშაძე, კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 15 წელი წარადგენდა საქართველოს სტენდს ბერლინალეზე.
ვაშაძე საუბრობს 30 იანვარს, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას” გაავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ბერლინის 74-ე კინოფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს 32 ადამიანი წარადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა წლებში საქართველოდან წასული კინოცენტრის თანამშრომლების რაოდენობას.
შემადგენლობა დაკომპლექტებულია „იმედისა” და „პოსტივის” ჟურნალისტებით. „პოსტივის” წამყვანი გური სულთანიშვილი, რომელსაც საქართველოს კინოცენტრთან არ აქვს კავშირი კი, კინობაზრობაზე ფილმის ექსპორტის სპეციალისტადაა წარდგენილი. მან „პუბლიკას” დაუდასტურა, რომ საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებით მიდის ფესტივალზე.
დღეს დილით ბაჩო ოდიშარიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ყველა დელეგატი თავის საქმის პროფესიონალია:
ოპოზიციურ მედიაში ჩვეულ, მანიპულაციურ სტილში აიტაცეს კინოცენტრის დელეგაციაში მყოფი მედიის წარმომადგენლების საკითხი. აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი.
„ნეტგაზეთი” კომენტარისთვის დაუკავშირდა დავით ვაშაძეს, რომელიც 15 წელის უძღვებოდა ბერლინალეს კინობაზრობაზე საქართველოს სტენდს, მისი თქმით, მთავარი პრობლემაა ყველა წარმომადგენლის კინოცენტრის თანამშრომლად მოხსენიება; დელეგატთა რაოდენობა წინა წლებში ყოველთვის 5-6 ადამიანით იფარგლებოდა, რადგან არ ყოფილა მეტის საჭიროება:
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს 32 ადამიანი მოხსენიებულია კინოცენტრის თანამშრომლად, ფესტივალიდან ვიღაც რომ კითხულობს ამას, ნებისმიერ ადამიანს მიიჩნევს კინოცენტრის თანამშრომლად – ექსპორტის სპეციალისტად.
ფრანგულ კინოცენტრს 808 მილიონი აქვს ბიუჯეტი და 8 ადამიანი მიდის, რადგან მეტი არ არის საჭირო. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა იქ, 3-4 ადამიანიც საკმარისია ხოლმე, ჩვენ მაქსიმუმ 5-6 მივდიოდით. ამას გარდა, თუ პროდუსერების და რეჟისორების წაყვანა იყო საჭირო, ამასაც ვაკეთებდით, ვაცხადებდით კონკურსს, არსებობდა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ირჩეოდნენ მონაწილეები. სახელმწიფო ორგანიზაცია უნდა იყო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.
როცა მიგვყავდნენ პროდიუსერები წინასწარ ვგეგმავდით ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, იქაურ კინოფონდს ვუთანხმდებოდით, რომ მივდიოდით და მათი პროდიუსერებიც ყოფილიყვნენ ბაზრობაზე. ამისთვის კი, ვაცხადებდით კონკურს. დელეგატებს ვუფინანსებდით მხოლოდ გზას, სასტუმროს ვერ ვუფინანსებდით. ეს იურიდიულადაც გაუმართავია, ამ ადამიანებს ექნებათ ერთგვერდიანი ხელშეკრულებები, რომ ბერლინალეს დროს შტატგარეშე თანამშრომლად ასაქმებენ (იმ ადამიანებისა გამოკლებით, რომლებიც არიან კინოცენტრის თანამშრომლები და პროდუსერები), გაუფორმებენ ხელშეკრულებას, რომ დროებით არიან კინოცენტრის თანაშრომლებით.
დავით ვაშაძის თქმით, ტელევიზიებს შეეძლოთ მიეღოთ პრესის აკრედიტაცია:
„რაც ეხება გაშუქებას, ტელევიზიები, რომლებიც თავიანთი თანამშრომლებით მიდიან, ოფიციალურად პრესის სახელით წარმოდგენილები არ იქნებიან.
მათ შეეძლოთ პრესის აკრედიტაციაზე შეეტანათ განცხადება, რომლითაც ჩვეულებრივად შეძლებდნენ ფესტივალზე შესვლას, სტენდსაც გადაიღებდნენ და წითელ ხალიჩასაც. ამ შემთხვევაში ორივე მედია მიზნობრივად იქნებოდა წასული, მაგრამ ამ შემთხვევაში, „იმედსა” და „პოსტვ-ის” უნდა დაეფინანსებინათ, მათი მივლინება და არა კინოცენტრს, თუმცა ამაზეც არც უფიქრიათ.”
მთავარ ფოტოზე: გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს