სამი მოქალაქე დააკავეს გზისა და ტროტუარის გადაკეტის საბაბით

“გზის გადაკეტვის” საფუძვლით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა. აქედან ორს საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ, ერთს კი – ტროტუარზე დრომით ქვეითად გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას.ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სესილი ბუთხუზს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუთხუზს ედავებოდა 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას და ამით გამვლელი მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას. მის საქმეზე პირველი სხდომა ჯერ კიდევ გასულ წელს, 2025 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა და მას შემდეგ არაერთხელ გადაიდო. საბოლოოდ, დღეს, 25 მარტს მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება გამოაცხადა.დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ -ის წარმომადგენლები, არც ბუთხუზის ადვოკატი და არც თავად ბუთხუზი – მხოლოდ მისი მეგობრები. სესილი ბუთხუზმა მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს ეზოში გაიგო. ამის შემდეგ, მან 112-ში დარეკა და პოლიციას მისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.“დიახ, დიახ, ადმინისტრაციული პატიმრობაა ტროტუარის [ტროტუარზე დგომის] გამო, 3 დღე მომისაჯეს და გარეთ გავიგე ჩემი განაჩენი. სასამართლოს შესასვლელთან ვდგავარ და გელოდებით, რომ გადამიყვანოთ ბარემ […] კარგი, გარეთ ვიდები. გამაგებინებთ, ხომ, რომ მოვლენ?” – ჰკითხა მან 112-ის ოპერატორს,ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში გაატარებს მომდევნო 3 დღეს სესილი ბუთხუზი. თუმცა, სანამ პოლიცია წაიყვანდა, მან ნეტგაზეთთან საუბარი მოასწრო. ის ამბობს, რომ ვერც ეს და ვერც სხვა რეპრესიული კანონები შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პროტესტი თავის გზას მაინც იპოვის.“ლოგიკურია, რომ ყველა ეს რეპრესიული კანონი, რომელიც ბოლო ერთ წელში შემოიღეს, გზის გადაკეტვიდან დაწყებული, ტროტუარის შეფერხებით დამთავრებული, არის იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშონ, ადამიანები დააშინონ ციხით, ჯარიმებით. ყველაფერი სცადეს. ვერც კი წარმომიდგენია ტროტუარის იქით რა უნდა აგვიკრძალონ, ხეზე თუ აგვიშვებენ აწი. [მიზანია] დაშინება და ტერორი. ადამიანების ფსიქოლოგიური გატეხა, რომ ტერორი შეწყდეს.არ მუშაობს ეს. არცერთ კანონზე არ უმუშავია და არც ახლა არ იმუშავებს. იმიტომ, რომ ადამიანებს, ვინც იქ [პარლამენტთან] დგანან მას შემდეგაც, რაც ტროტუარის კანონი მიიღეს, ყველას აქვს გააზრებული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დააპატიმრონ […] ადამიანებმა, რომლებიც იქ წელიწადზე მეტია დგანან, ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან. მათ შორის, ისიც იციან, რომ სისხლის სამართლის წესით შეიძლება გასამართლდნენ. ერთი წელი იქნება თუ ორი, გააზრებული აქვს ყველას ეს სასჯელი, მოლოდინიც აქვთ. პროტესტი ყოველთვის პოულობს თავის გზას, ყველას რეპრესიული კანონის მიუხედავად”, – თქვა სესილი ბუთხუზმა ნეტგაზეთთან საუბრისას დაკავებამდე.ტროტუარის არა, თუმცა საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ამირან ურუშაძეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.ურუშაძე სუმოს კომენტატორი და “ქართული სპორტის ქომაგების” ერთ-ერთ დამფუძნებელია. ურუშაძის ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი წერს, რომ მისი კლიენტი სულ რამდენიმე წამით გადავიდა გზაზე პოლიციელის მითითების მოსასმენად და ეს “გზის გადაკეტვად” ჩაითვალა:“რა იყო ამირანის საქმეში სხვებისგან განსხვავებული: რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, რომ ამირანი მიდის იმ პოლიციელის მოსასმენად, რომელიც აქციის მონაწილეებს რაღაცას ეუბნება. მეტი არაფერი. ეს გარემოება იმდენად აშკარა იყო, რომ მოსამართლემ დადგენილებაშიც კი ჩაწერა (როგორც წესი, ასეთ კონკრეტიკას ერიდებიან). სამაგიეროდ დადგენილებაში არაფერი წერია იმაზე, თუ კონკრეტულად რა დააშავა ამირანმა ისეთი, 4 დღით პატიმრობაში რომ გაუშვეს”, – აცხადებს ადვოკატი.თორნიკე კაპანაძე, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლაშა კაციასაც. მასაც გზის გადაკეტვას ედავებოდა. ის ზესტაფონის იზოლატორში გადაიყვანეს.ლაშა კაცია არის სინდისის ყოფილი პატიმრის, ნიკა კაციას ძმა და აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად.